კიდევაც დაიზრდებიან

მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტი „კიდევაც დაიზრდებიან“ შეიქმნა მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული ქართველი მეომრების სადიდებლად. ძეგლი მდებარეობს ქალაქ მარნეულის შესასვლელში, დიდ ვრცელ ტერიტორიაზე. სამფიგურიანი კომპოზიცია სამკუთხედოვან პრინციპს ექვემდებარება, რაც რენესანსის მხატვრობისთვის იყო დამახასიათებელი. მონუმენტი გაიხსნა 1972 წელს და ეს პერიოდი (საბჭოთა კავშრის დაარსების დღიდან 1980-იანი წლების ჩათვლით) სოციალისტური რეალიზმის სახელით არის ცნობილი. აღნიშნული მემორიალი იდეურად ეპასუხება ამ სტილის მოთხოვნებს, ომის თემატიკისადმი ინტერესს, გმირი დედის კულტის გადმოცემას და სხვა მრავალი, თუმცა, ამ შემთხვევაში, მოქანდაკემ მხატვრული ფორმა ინდივიდუალური, მისთვის დამახასიათებელი ხერხებით შექმნა. ძეგლის კვარცხლბეკი საფეხურისებურად მიემართება კომპოზიციისკენ, ხოლო მას გარშემო შემოუყვება წარწერა ხალხური ლექსის სტრიქონით „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“...                  
                                         

ძეგლის იდეური დატვირთვა უდავოდ დიდია, გმირი დედა აგრძელებს ცხოვრებას შემართებით, გმირულად ზრდის 2 ობლად დარჩენილ ვაჟს, რომლებიც საბრძოლო შემართებით დგანან ერის წინაშე. ბავშვების შიშველი სხეული, ერთგვარად, ბავშვურ სიწმინდეს უსვამს ხაზს. ორივე მათგანს ჰორიზონტალურად უჭირავთ ხმალი, ერთმანეთს აძლიერებენ და ერთად ზიდავენ „ტვირთს“. მათი დედა კი ცისკენ აპყრობილი თვალებით დასევდიანებული და დაღლილი, თუმცა ცხოვრებისთვის მზაობის გამომხატველი, ღვთისგან ითხოვს შეწევნას, ხელები დაბლა დაუწევია და უფალს შვილებისკენ მიუთითებს.  სტატიაში „პირველი საჭრეთელი“ ავტორი განიხილავს ძეგლის შინაარს, მის რაობას და შესანიშნავად მიუთითებს კომპოზიციაში არსებული უხილავი მეოთხე პირის არსებობას, მამას, და ამ შესატყვისს შემდეგნაირად გადმოსცემს: „ამ დიდებული ქანდაკების მეოთხე წევრმა თვალით უხილავმა, მაგრამ გრძნობით და გონებით იოლად თვალშესავლებმა გმირმა - იცის, რომ მის სისხლს ამაოდ არ ჩაუვლია. მისი ნაშიერი აგრძელებს მის სიცოცხლეს“[1]. მერაბ ბერძენიშვილის მხატვრული საქანდაკო პრინციპები მიმართულია მონუმენტური ფორმების გამოკვეთისკენ, ბავშვების დაკუნთული და ძლიერი სხეულების და დედის მამაკაცური ძალის გამოვლინების საშუალებას იძლევა. დეკორატიულობა აქ ნაკლებად იგრძნობა, უფრო მეტად იყენებს დრაპირებას, რომელიც არ არის ტრადიციულად სამოსის წვრილი ნაკეცებით შექმნილი, არამედ ისიც მონუმენტური და მასიურია.
ძეგლის მნიშვნელოვნება არ იკლებს, ის მუდამ აქტუალურია ქვეყნის ისტორიაში წარსული მძიმე დღეების მოსაგონრად. ქართველი ადამიანის ვალია დარჩენილი ნიმუშების მოვლა-პატრონობა, საკადრისი პატივის მიგება. ეს კი უნდა გამოიხატოს არა მხოლოდ საუბრით, არამედ ძეგლისათვის საჭირო მოთხოვნილებების შესრულებით. გარემოში აღმართული მონუმენტისთვის აუცილებელია პერიოდული წმენდა, რაც რიგ პროცესებთან არის დაკავშირებული. დღესდღეობით, საქართველოს სამხატვრო ქარხნის და მისი გუნდის მეშვეობით დასრულდა მემორიალის გაწმენდითი სამუშაოები და დამთვალიერებელს შეუძლია მისი ნახვა.





ავტორი სოფიო პაპინაშვილი, საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი



[1] ჭანტურია ტარიელ, დინოზავრიდან დიზაინამდე: წერილები, „პირველი საჭრეთელი“, თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1989, გვ. 47

Comments