დავით გურამიშვილის ახალი მონუმენტი. პარალელი მერაბ ბერძენიშვილის ფიგურასთან მიმართებით


ქართულ კულტურას მრავლად ჰყავს გამოჩენილი ხელოვანები, მწერლები, საზოგადო მოღვაწენი, მეცნიერნი, რომელთა მეშვეობით საქართველო სამუდამოდ დარჩა ისტორიაში. დავით გურამიშვილიც იმ გამორჩეულ პიროვნებათა შორისაა, რომლის შემოქმედებამ შეცვალა ლექსთწყობის სტილი. ტანჯვაში მყოფი პოეტის ტრაგიკული ბედის ისტორია ქართველი ადამიანისთვის ახლობელის ტკივილს მიემსგავსა. მისი ბავშვობის წლები ლეკიანობის სახელითაა ცნობილი და არაერთი ტრაგიკული ამბავი შემოინახა მწარე რეალობამ. ამ ყოველივეს საფუძველზე ფილმიც შეიქმნა ილია ჭავჭავაძის მოთხრობის, „იავნანამ რა ჰქმნა“ - საფუძველზე.
დავით გურამიშვილის ფენომენით დაინტერესება ლიტერატურასა და კინოს საზღვრებს გასცდა და მონუმენტურ ქანდაკებაშიც ღირსეული და შთამბეჭდავი, გურამიშვილისათვის დამახასიათებელი „მართლის მთქმელის“ შესაფერისი მონუმენტი შეიქმნა. თბილისში 1954 წელს, ვაკეში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე დაიდგა მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილი მონუმენტი. 4 მეტრს მიღწეული ძეგლი მოქცეულია ვიწრო ტერიტორიაზე, თითქოს ჩაკეტილი და მომწყვდეულია მკაცრ სივრცეში (თავად პოეტიც ხომ ასეთივე ბედის მატარებელი იყო). ძეგლის მხატვრული სათქმელი ქანდაკების სპეციფიკის ფარგლებში ძლიერად იკითხება. უნდა აღინიშნოს, რომ მერაბ ბერძენიშვილის შემოქმედებითი მანერა ქართულ პოსტსტალინურ სივრცეში ერთ-ერთი ნოვატორული მიმართულება იყო, მან შესძლო ორნამენტების ჩართვა ძეგლში და ამასთანავე თვითმყოფადობის შენარჩუნება. მოქანდაკე ფიგურას აგებს ფრონტალურად, მარჯვენა ხელის ოდნავ გაშლით, რითაც მიუთითებს ადამიანთა მიმართ მის მიერ სიყვარულსა და მიმღებლობაზე, მარცხენა ხელით კი  გადაშლილი „დავითიანნი“ გულზე აქვს მიკრული, თავი ოდნავ დახრილი და თვალები დახუჭული. საოცარ ენერგიას ბადებს ძეგლის ამგვარი გადაწყვეტა, რადგან ავტორმა სამუდამოდ დაუდგა მონუმენტი მას, ვინც ქართველმა ადამიანმა ვერ იხილა, თუმცა მისი შემოქმედება საფიცრად გაიხადა. სამუდამოდ თავდახრილი დარჩა ქართველთა წინაშე (თავის დახრა ქვეყნისადმი პატივისცემის ნიშნადაც უნდა მივიღოთ) უდიდესი პოეტი, რომელიც თავმდაბლად და დიდი მსახურებით ქვეყნის ფარგლებს გარეთაც სამშობლოზე ფიქრობდა.



დავით გურამიშვილის ძეგლის გახსნა თბილისში უდიდესი ზეიმი იყო. მას შემდეგ მისი ძეგლი დღემდე არ შექმნილა. თანამედროვე ქართველმა მოქანდაკემ, კახა არუნაშვილმა კი დავით გურამიშვილის მონუმენტური ქანდაკების დადგმისთვის ჩატარებულ კონკურსის ფარგლებში გაიმარჯვა და, დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში მუშაობდა მასზე. იგი მერაბ ბერძენიშვილის მოსწავლე იყო, რომელმაც დიდი ცოდნა და გამოცდილება მიიღო მის კლასში. საქართველოში მონუმენტური ქანდაკება ძლიერად ვლინდება, თითქოსდა მონუმენტალიზმი ქართველი ადამიანის ბუნებაშივე ოდითგანვე არსებობს, ამ ყოველივეს კი ფორმა და განხორციელების შესაძლებლობა თავდაპირველად XX საუკუნის პირველ ნახევარში ნიკოლოზ კანდელაკმა მიანიჭა. დასახელებულ მოქანდაკეთა მხატვრული სტილის საფუძველზე კახა არუნაშვილმა შესძლო შეექმნა მასწავლებლისგან განსხვავებული მხატვრული სახე, მან დავით გურამიშვილი გაიაზრა ინდივიდუალურად.


65 წლის შემდეგ შექმნილი ძეგლი აღიმართება საგურამოში, პოეტის მშობლიურ ქალაქში. სკულპტურა აკადემიურ სტილშია შესრულებული, რომელიც დენადი და რბილი ფორმებით მოძრაობაშია დაფიქსირებული. ქართველ პოეტს გადაშლილი „დავითიანნი“ უჭირავს და კითხვის პროცესშია წარმოდგენილი. პლასტიკურია ყოველი დეტალი: წიგნის ფურცლები, მოსასხამი, თმა და წვერი, - ყოველივე ეს სიმსუბუქის შეგრძნებას ქმნის. ფიგურას წინ აქვს გადმოდგმული მარცხენა ფეხი, ხოლო მარჯვენა მუხლშია მოხრილი და ქუსლი ჰაერში აწეული ბერძნული კლასიკური ქანდაკების პროპორციულობის და წონასწორობის კანონის შესაბამისად. დავით გურამიშვილის თანამედროვე ფიგურა გასული საუკუნის მეორე ნახევარში შექმნილი მონუმენტისგან განსხვავდება გამომსახველობით, მოქანდაკემ გაითავისა პოეტის ტრაგიკული ბიოგრაფია, მაგრამ, ამის მიუხედავად, ის წარმოადგინა არა ტანჯულ არამედ ძლიერ, შეუპოვარ პიროვნებად, რომელმაც შთამომავლობას უდიდესი მემკვიდრეობა დაუტოვა.
საინტერესოა ეს ორი მონუმენტი შევადაროთ ერთმანეთს სკულპტურული დამუშავებითაც. მერაბ ბერძენიშვილი 1950-იან წლებიდან  დეკორატიულობისადმი იჩენს ინტერესს და დავით გურამიშვილის მონუმენტშიც უსვამს ამ ყოველივეს ხაზს, რაც იმ დროის ქართული ქანდაკებისთვის სიახლე იყო. მის მიერ შექმნილ გურამიშვილის ძეგლში წამყვანია ხაზოვანი სტრუქტურა, კუთხოვანი ფორმები, თითქოს დაგრძელებულია  სხეული, მაგრამ უდიდესი სიზუსტითაა დაცული პროპორცია. „დავითიანნი“ ბაროკოს ეპოქას მიეკუთვნება და ამ მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი ემოცია აღნიშნულ ფიგურაში ძლიერ ენერგეტიკას ქმნის. კახა არუნაშვილის ფიგურა კი ჩაფიქრებული და გაწონასწორებული პიროვნების ძლიერ ბუნებას უსვამს ხაზს. ამ შემთხვევაში სათქმელი მრგვალი და შედარებით მასიური ფორმებითაა გადმოცემული. თითოეული დეტალი განსხვავდება ერთმანეთისგან, ფეხები, სხეულის მთლიანი კორპუსი, სახის ნაკვთები... მონუმენტური ქანდაკების მახასიათებელი თავისთავად გულისხმობს ძეგლის შორი მანძილიდან აღქმას, ამ თვალსაზრისით ქანდაკება მასების გათვალისწინებით კარგად ეწერება გარემოში. მისი სიმაღლე არ აღემატება 2.30 მეტრს, პოსტამენტის სიმაღლე და ფორმაც გარემოში ფიგურის დომინანტურობას უსვამს ხაზს და მაყურებელს თავისთან ახლოს უშვებს.


მხატვრული გადაწყვეტის ინდივიდუალური მეთოდები ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან მოქანდაკის ორიგინალური ჩანაფიქრი კონკრეტული პიროვნების სახის შექმნისას ახალი რაკურსით ხორციელდება. ამ შემთხვევაშიც, მასწავლებლისა და მოსწავლის ნამუშევრები განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა აქვს საერთო ნიშან-თვისება: ფიგურის ახლო და უშუალო კავშირი მაყურებელთან.

ავტორი: სოფიო პაპინაშვილი, საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი

Comments