“საყვარელო დედა ბატონო! - იაკობ ნიკოლაძე


საყვარელო დედა ბატონო!

პირველად თქვენს სიცოცხლეს ღმერთსა ვთხოვ. თუ ჩემს ამბავს იკითხავთ, კარგად ვარ. დღეს ჩამოვედი პარიჟში – მარსელიდან. სტამბოლიდან გამოვედი ოთხშაბათს – და სამშაბათს მარსელში ჩამოვედი და მეორე დღეს აქა… ოთახი ვიქირავე მეოთხე სართულზე, 15 ფრანკად. ე.ი. ექვს მანეთად თვეში. სადილი, ვახშამი, ყავა (აქ ჩაი არ არის, როგორც სტამბოლში) სულ 70 ფრანკად. ე.ი. ოცდარვა მანათად თვეში. შეიძლება ეს ძვირი იყოს, მაგრამ ვეცდები იაფიანი ვიშოვო. სახლის ქირა წინდაწინ გამომართვეს. სადილის კი თვის დამლევში უნდა მივცე. სტამბოლიდან მარსელში მეოთხე კლასით წამოვედი. პარახოდში მივეცი 60 ფრანკი, ე.ი. 24 მანათი. მარსელიდან ორმოცდათვრამეტნახევარი ფრანკი, ე.ი. 23 მანათი და 30 კაპიკი… აქ სულ სამი წელიწადი დავრჩები. თქვენ იცით, როგორ არ დამივიწყებთ… რა არის, რომ ერთი წერილი ვერ მომწერეთ… მალევე მოგწერთ პარიჟის ვითარებას… მხოლოდ ვიტყვი, რომ აქ სამოთხე ყოფილა… შენი მორჩილი შვილი იაკობი ჩემი ჯავრი ნუ გექნება. გზაში ისე შევისწავლე ენა, რომ კაცს თავისუფლად გავაგონებ”.

ეს სიტყვები ახალგაზრდა იაკობ ნიკოლაძემ დედას მისწერა. წერილი იმ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც იაკობი ევროპაში პირველ შემოქმედებით ნაბიჯებს დგამს. ის დედას შთაბეჭდილებებს დაწვრილებით უზიარებს. რაც მთავარია, დიდი თავგადასავლის შემდეგ, ის ევროპაში ჩავიდა და პარიზში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით ბედის მაძიებელ მხატვარს შეუერთდა. იაკობი სწავლას პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში იწყებს... „გელით მედონში – ოგიუსტ როდენი.” ეს მოკლე და ლაკონური დეპეშა კი, მაშინ ყველასთვის უცნობმა ახალგაზრდა მხატვარმა იაკობ ნიკოლაძემ ფრანგი მაესტროსგან მიიღო. სამოთხეში, როგორც ის უწოდებს პარიზს, ამ სტუმრობისას 6 წელს დაჰყოფს და ოგიუსტ როდენის სახელოსნოშიც იმუშავებს... როდესაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ახალგაზრდა მოქანდაკეს, ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლს დაუკვეთავს, ის „მწუხარე საქართველოს” სიმბოლურ პორტრეტზე საკუთარი დედის სახეს აღბეჭდავს. იაკობი ამ დროს, როდენის სახელოსნოში მუშაობს. ნატურად დედა ვერ ეყოლებოდა, ის ქუთაისში ელოდა მხატვარს, მაგრამ დედა მაინც დახატა.

🔸იაკობ ნიკოლაძე– ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი, თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პროფესორი. ადამიანი, რომელმაც გენიალური ქმნილებები შექმნა და მოქანდაკეებისა რამდენიმე თაობაც აღზარდა.

✍️"ამბები დიდ ადამიანებზე" – ვიწყებთ რუბრიკას, სადაც შემოგთავაზებთ ხოლმე ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან პატარა, საინტერესო მონაკვეთებსა და დეტალებს. 

#ამბებიდიდადამიანებზე #იაკობნიკოლაძე #წერილიდედას #სამხატვროქარხანა #georgianartfactory #GAF #GAFstream

Comments