რუბრიკა "ეს საინტერესოა" - ლეგენდა ღვინით აშენებულ სახლზე


მე–20 საუკუნის დასაწყისის გამორჩეული შენობა, რომელიც სომეხი მეცენატის მელიქ აზარიანცის სახელთანაა დაკავშირებული, ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი არქიტექტურული იერსახით, ადგილმდებარეობითა და ისტორიით.
მისი არქიტექტორი პეტერბურგელი ნიკოლოზ ობოლონსკი გახლდათ, რომელიც წარმოშობით პოლონელი იყო. ეს მისი პირველი და უკანასკნელი პროექტი აღმოჩნდა, რომელიც საქართველოში განახორციელა.
აზარიანცის სახლი თბილისური მოდერნის სტილს განეკუთვნება და ბევრად განსხვავდება ამ ქუჩაზე მდებარე სხვა შენობებისაგან. მისი გარე ფასადი აგებულია ძალიან მყარად, ე.წ რუსული აგურით, რომელიც ძალიან ჰგავს ევროპულს. აგურების წყობა დახვეწილი და რაციონალურია. ფასადზე გამოსახულია ადამიანის მასკისებური გამოსახულებები და რამოდენიმე კერამიკული, გამომწვარი დეკორიც აქვს ჩართული. სახურავი ქერცლისებურადაა გადახურული. სახლის შენება ბოლოსკენ იყო მისული, როდესაც მელიქ აზარიანცს ერთადერთი ქალიშვილი დაეღუპა, ამიტომ მშენებლებმა სახლის ფასადზე გლოვისა და პატივისცემის ნიშნად, თაიგულები გამოსახეს. ეს თაიგულები დღემდეა შემორჩენილი. შენობას საკუთარი ელექტრო და წყალმომარაგება ჰქონდა, საკუთარი გათბობის სისტემა, სატელეფონო ქსელი, საბავშვო ბაღი, კონოთეატრი, ფოტოსალონი, სამხატვრო გალერეა, ბაღი შადრევნითა და ეგზოტიკური მცენარეებით. საქართველოში ეს პირველი „შემოსავლიანი სახლი„ უნიკალური იყო თავისი ინფრასტრუქტურით. 
შენობა რევოლუციის შემდეგ, როგორც ყველა კერძო საკუთრება, სახელმწიფოსი გახდა. კომუნისტების დროს, აზარიანცის სახლს ბევრი მტერი გამოუჩნდა... მისი დანგრევაც კი სცადეს, მაგრამ ამაოდ. ამ სახლის მშენებლობას საინტერესო ლეგენდაც უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, იმ დროისთვის მხოლოდ აზარიანცს ჰქონდა გამოყვანილი საკუთრად წყალი და გადასახადსაც იხდიდა. შენობა არ იყო ბოლომდე დასრულებული, მთავრობამ მას წყლის გადასახადი ძალიან გაუძვირა. აზარიანცი არ დაემორჩილა მთავრობის უსამართლო მოთხოვნას და წყალზე საერთოდ უარი თქვა.
იმ პერიოდში ღვინო ძალიან იაფი ღირდა. მელიქ აზარიანცმა ის დიდი რაოდენობით შეისყიდა გლეხებისაგან და მშენებლობა, სწორედ ამ ღვინით დაასრულა. თუ ლეგენდას დავუჯერებთ, სამშენებლო მასალებში წყლის მაგივრად ღვინო იქნა გამოყენებული. 
ამ საქციელით მან მთავრობასაც გასცა პასუხი და გლეხებიც ასარგებლა. აზარიანცის სახლი, მართლაც რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და თვალსაჩინო ძეგლია თბილისური მოდერნის. ამჟამად, შენობაში რამდენიმე მოსახლე ცხოვრობს, ნაწილი კი სხვადასხვა ორგანიზაციას უკავია. 

✍️ავტორი: ლიკა პაპალაშვილი
საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი 
ფოტომასალა: პროექტი „ციფრული ფოტომატიანე”, propertygeorgia

Comments