რუბრიკა „პერსონა“ - მოქანდაკე დავით სიხარულიძე


დავით სიხარულიძე დაიბადა თბილისში 1950 წლის 2 იანვარს მოქანდაკე ტიტე სიხარულიძის ოჯახში. გენეტიკური კოდის წყალობით მან პროფესიად ქანდაკება აირჩია და თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. მას იქ ასწავლიდნენ გამორჩეული პედაგოგები: ნიკოლოზ კანდელაკი, გიორგი ოჩიაური და სხვები. იგი ბავშვობიდანვე ეზიარა ხელოვნებას და მასზე უზომოდ შეყვარებული დარჩა. მისთვის მთავარი საზრუნავი და საფიქრალი იყო თავისი პროფესია და უდიდეს შთაგონებას იღებდა მოგზაურობით,
ხელოვნების შესანიშნავ ნიმუშებთან კავშირით; ქართველი მოქანდაკე იყო დაუღალავად მშრომელი ადამიანი, რომელიც მთელ დროს უთმობდა შემოქმედებით განვითარებას. ის ასევე იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი და მის ხელში მრავალმა ნიჭიერმა ხელოვანმა ისწავლა. მეც წილად მხვდა ბედნიერება გავცნობოდი მის ოჯახს, ძმას და მეუღლეს, რომლებმაც გამიზიარეს თავიანთი გულისტიკივილი მისი პიროვნების არასათანადო დაფასების გამო და მიამბეს მის შესახებ ბევრი საინტერესო, დამაფიქრებელი ისტორია.
„დათო იყო ალალი, გულმართალი ადამიანი, ყოველთვის სიმართლის მთქმელი. მისთვის მნიშვნელოვანი იყო ნიჭის დაფასება, ამიტომ უშურველად უზიარებდა ცოდნას და გამოცდილებას ახალგაზრდა მოქანდაკეებს“, - იხსენებს მისი ძმა, გია სიხარულიძე.
მისი საყვარელი თემა იყო მეომრების გამოსახვა და ერთ-ერთი განხორციელებული პროექტიც „დაუმარცხებელია“ (1998 წ.), რომელიც საბერძნეთში, ანტიკური ქანდაკების ქვეყანაში დგას. მან, ფიდიასის ნამუშევრებისგან შთაგონებულმა, შექმნა საოცარი ენერგიის, სიძლიერის და შინაგანი დინამიზმის მქონე მეომრის ფიგურა. ბრინჯაოში ჩამოსხმული, მოოქროვილი მუზარადით წარმოდგენილი მამაკაცი ეყრდნობა ფარს. ანატომიური სიზუსტის მქონე კლასიკური ფიგურა სიმძიმის და ტრაგიზმის შეგრძნებას ბადებს.
მებრძოლი არ არის დამარცხებული, არამედ ცდილობს წამოდგომას და მისი სხეულიც მომართულია ბრძოლისაკენ. ფიდიასი პართენონის რელიეფებით ანტიკური იდეალის შესაბამისად ახალგაზრდულ სილამაზეს ეთაყვანება და დაჭრილი მეომარიც კი მშვენიერი სახილველია მასთან. სწორედ ამ იდეალის გაცოცხლების სურვილით, ქართველმა მოქანდაკემ გმირის სახით დაუბრუნა ქალაქს ახალი სიცოცხლე და თანამედროვე ბერძნული გარემო თითქოს ყველასთვის კარგად დავიწყებული სიძველის გამოცოცხლებით წარმოაჩინა.
მას ბევრი განუხორციელებელი ძეგლი დარჩა, მათ შორისაა „თამარ მეფე“, რომელსაც ხელში ჯვრიანი სფერო (სფერო მარადიულობის სიმბოლოა) უჭირავს. საინტერესოდ გააზრებული, ფეხშიშველი თამარი, ქვეყნის მეფე და მეოხი ჯვრით წინამძღვრობდა ჯარს. მოქანდაკის გონებაში ღრმად იყო ჩაძირული ყინწვისის ფრესკა და, ამ შემთხვევაში, ქართველი მეფე თავისებური, ინდივიდუალური გააზრებით შექმნა.
მის პიროვნებაზე და შემოქმედებაზე საუბარი დიდხანს შეიძლება გავაგრძელოთ, თუმცა უმჯობესია დავასრულოთ მისი მოსწავლეების მოგონებით:
„ერთხელ მისი სახელოსნოსკენ მიმავალს მანქანით წამომეწია, როგორც ყოველთვის ხატვაზე და ქანდაკებაზე დამიწყო საუბარი, მანქანიდან არ გადმოსულა, არც გააჩერა, არც ჩამსვა, უბრალოდ ჩემი სიჩქარით მომყვებოდა მანქანით აღმართში და მთელი გულით მიხსნიდა, თუ როგორ უნდა ხატოს მოქანდაკემ. ესე საუბრით ავიარეთ მთელი ქობულეთის აღმართი, კორპუსის ირგვლივ, სახელოსნოს კარამდე, სახელოსნოში, მოლბერტამდე...
დათო სიხარულიძე იყო ადამიანი, რომელსაც აურაცხელი ენერგია ჰქონდა, მან შესძლო მოქანდაკეების მთელი თაობისთვის ქანდაკების სიყვარული გაეზიარებინა. ნიჭიერი, დაუღალავი, გულიბრყვილო, უზომოდ შეყვარებული და გულწრფელი კაცი იყო“ - იხსენებს ლევან სალუქვაძე.


დავით სიხარულიძის შესახებ საუბრობს მისი მოსწავლე ბაჩუკი ცოციაშვილიც: „დათო დიდი ენერგიის მქონე ადამიანი იყო, რომელიც დაუღალავად გასცემდა ცოდნას; სულ ძიებაში იყო, ბევრს კითხულობდა, მუშაობდა, იყო ემოციური პიროვნება. იგი გამოირჩეოდა მოსწავლეებისადმი მეგობრული და უშუალო დამოკიდებულებით“.

✍️ავტორი: სოფიო პაპინაშვილი
საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი

#სამხატვროქარხანა #georgianartfactory #GAF #GAFstream 







Comments