საქართველოს სამხატვრო ქარხანა


ქანდაკება არის დარგი, რომელიც განსხვავდება ხელოვნების სხვა სფეროებისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით: ის მაღალბიუჯეტიანია, მოქანდაკეს ფიგურის შესაქმნელად სჭირდება შესაბამისი სივრცე და გარემო, ქანდაკება ყოველთვის მოითხოვს მასშტაბს. მონუმენტური ქანდაკების ბედი საქართველოში არცთუისე სახარბიელოა. უმეტეს შემთხვევაში არის შერჩეული ადგილის უზუსტობა ფიგურის პროპორციებთან და მასშტაბთან შედარებით, ხშირად ვერ ეწერება გარემოში, შესაბამისად მისი ენერგეტიკაც იკარგება. ქანდაკებაზე მუშაობა, შეიძლება ითქვას, რომ ხდება კომპლექსურად, რადგან მასში ჩართულნი არიან სხვა სპეციალისტებიც. ამ ყოველივეს შესასრულებლად საჭიროა სპეციალურად აღჭურვილი სივრცე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მხატვრული კომბინატის არსებობას არ აქვს დიდი ხნის ისტორია (რადგან მრგვალი ქანდაკებაც, თითქმის, საუკუნენახევარს ითვლის).
თბილისში მხატვრული დანიშნულების ქარხანა კომუნისტური ხელისუფლების პერიოდში არსებობდა, სწორედ მაშინ, როდესაც ხელოვნების თემა დამორჩილებული იყო აგიტაცია-პროპაგანდას. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების ყველა დარგი შეზღუდული იყო თავისუფალი აზროვნებისა და მიზნებისაგან, სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტილი იყო ქანდაკების განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემები ტექნიკური თვალსაზრისით. „საქართველოს სამხატვრო ქარხანა“ ძველად არსებული კომბინატის ანალოგიურია იმ თვალსაზრისით, რომ იქ სრულდება ქანდაკებისთვის საჭირო ყველა სახის სამუშაო. ამ შემთხვევაში იდეა და ტექნიკური შესაძლებლობა სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. დღევანდელი მონაცემებით სამხატვრო ქარხანაში დასაქმებულნი არიან პროფესიონალი ხელოვანები და დამფუძნებლები ყოველთვის ეძიებენ ნიჭიერ ადამიანებს, რომლებიც შეიტანენ თავიანთ წვლილს ქარხნის საქმიანობის და, რაც მთავარია, ქანდაკების განვითარებაში. 


„საქართველოს სამხატვრო ქარხანა“ განთავსებულია დიდ ტერიტორიაზე, სადაც თავისუფლად არის შესაძლებელი რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქარხანა შექმნილია ხელოვნებისა და ხელოვანებისთვის და შესაბამისად, მისი არსებობა ხელის შემწყობი ფაქტორია დარგის განვითარებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში 1980-90-იანი წლებიდან მოყოლებული არსებული მძიმე სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე ქანდაკებას სათანადოდ ვერ ექცეოდა ყურადღება, ამ წამოწყებით კი მოქანდაკეებს თავიანთი ნიჭის რეალიზების საშუალება ეძლევათ. 
დავინტერესდი ქარხნის მუშაობით და შევეცადე გამერკვია და საზოგადოებისთვის გამეცნო ამ დროისთვის იქ წარმოებული სამუშაოები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შეირჩა, არის დავით გურამიშვილის მონუმენტური ქანდაკება, რომელიც განსაზღვრულია საგურამოში დასადგმელად (ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ვრცლად შემდგომ სტატიაში ვისაუბრებთ). ასევე მზადდება კერძო შეკვეთები, აქვე მუშაობენ დიზაინერები კონკრეტულ პროექტებზე, რომელიც ითვალისწინებს სასტუმროების და სხვა დაწესებულებების მხატვრულ გაფორმებას. 

რაც შეეხება ქარხნის სამომავლო მიზნებს, იგეგმება კონკურსი და სხვა სახის აქტივობები, რომელთა შესახებ მალე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ვფიქრობ, აღნიშნული პროექტები საინტერესო იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის, მათ შორის ახალგაზრდა შემოქმედებისთვისაც, რადგან დაგეგმილი კონკურსი სწორედ მათი ჩართულობით ჩატარდება. საკუთარი დაკვირვებისა და საქმის შესწავლის შედეგად, გირჩევთ არ გამოტოვოთ გამოქვეყნებული სიახლეები. 



✍️ ავტორი: სოფიო პაპინაშვილი
საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი 

#სამხატვროქარხანა #GAF #Georgianartfactory #Gafstream




Comments