ფერი, როგორც ერთ-ერთი მთავარი მხატვრული ელემენტი


ორგანზომილებიანი სიბრტყის ილუზიებში გადაყვანა დამოკიდებულია მხატვრულ ელემენტებზე. ყველა დროში განსაკუთრებული აქცენტი ამ პრინციპებზე მხატვრული სტილისა თუ მიმდინარეობის გათვალისწინებით კეთდებოდა. უადრესი შრომა, რომელიც ფერთა მნიშვნელობას ეხება, არის ლეონ ბატისტა ალბერტის ტრაქტატი სახელწოდებით „მხატვრობაზე“ (1435 წ. არ გამოქვყნებულა 1450 წლამდე). მან აკადემიური მხატვრობის პრინციპი ჩამოაყალიბა, გამოყო 4 წამყვანი ფერი და აღინიშნა, რომ: წითელი ფერი უნდა ასოცირდებოდეს ცეცხლთან, ლურჯი - ჰაერთან, მწვანე - წყალთან, ხოლო ნაცრისფერი - მიწასთან (Leon Batista Alberti, On Painting, revised edition, 1966, pp. 50). აღნიშნული თეორია გაამყარა საკუთარი დაკვირვებისა და კვლევების საშუალებით მაღალი რენესანსის უდიდესმა მოაზროვნემ და მხატვარმა ლეონარდო და ვინჩიმ. იგი ეთანხმება ლეონ ბატისტა ალბერტის 4 ძირითადი ფერის მნიშვნელობას და იგი ამატებს 2 ფერს ჩამონათვალში, ესენია თეთრი (სინათლის წარმოსაჩენად) და შავი (სიბნელის დასახატად). დროთა განმავლობაში ფერის გაგება იცვლებოდა, მას იკვლევდა ისააკ ნიუტონიც, კოლორიტის თავისებურებებით დაინტერესებულნი იყვნენ ბაროკოს მხატვრებიც, თუმცა მან განსხვავებული დატვირთვა შეიძინა თანამედროვე ხელოვნებაში. შთაბეჭდილების აღბეჭდვა, კადრირება და პლენერი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო მხატვრობაში, რასაც საფუძველი იმპრესიონიზმმა დაუდო. ერთ-ერთი გამორჩეული მხატვარი იყო კლოდ მონე, რომელიც ამ მიმდინარეობის ფუძემდებელი იყო (მისი ნამუშევრით მკვიდრდება სტილი), იგი ნამუშევრებს ქმნიდა რეალისტური პრინციპით, რაც გულისხმობდა ნანახის ობიექტურად გადმოტანას სასურათე სიბრტყეზე მონასმებისა და ფერების საშუალებით. ამ ყოველივემ შექმნა დაუსრულებლობის შეგრძნება, რამაც ყველაზე მეტად დააშორა საზოგადოება ახალგაზრდა მხატვართა ინოვაციურ ხედვას. კლოდ მონე ხშირად ხატავდა თავის მეუღლეს, კამილა დონსიოს და ის გარდაცვალების სარეცელზეც აღბეჭდა (1879 წ.).
აქ საინტეერსო არის ის ფაქტი, რომ მომაკვდავი კამილა ცისფერ და შავ ფეერებშია დახატული. მონასმის სიმძლავრე აქ დიდ როლს ასრულებს, თუმცა მნიშვნელოვანია თავად ავტორის ხედვა: მან სიკვდილი აღიქვა ცისფრად. ალბათ ლოგიკურიცაა ამ ფერის გამოყენება თუ გავითვალისწინებთ ბუნებრივ მოვლენას, რომ გვიანი ღამიდან ალიონში გადასვლის დროს გარემო ცისფერ ფერს იღებს. ამ იდეით მან ხაზი გაუსვა სულის ადგილმდებარეობის ცვლილების პროცესს, აღწერა მოვლენა, როგორ შორდება სული სხეულს და გადადის ახალ ინსტანციაში. იგი იკვლევდა ფერების ცვალებადობას და მზის სხივის გარდასახვას გარემოში, არქიტექტურასა თუ სხვა ნებისმიერ ობიექტზე. ამის დასტურია მის მიერ შესრულებული რუანის კათედრალის სერიული ნამუშევრები (1890-იანი წლები).
იმპრესიონისტული მხატვრული მანერის შემდეგ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ფერს აბსტრაქციონისტმა მხატვარმა ვასილი კანდინსკიმ მიანიჭა და სრულიად ახალი თეორია შექმნა. მის ნამუშევართა უმეტესობას არ აქვს კონკრეტული სახელი, არამედ მათ ავტორი კომპოზიციებად მოიაზრებს, რაც მუსიკასთან ავლენს სიახლოვეს. უპირატესი მის ნამუშევრებში არის სწორედ მუსიკისა და ფერის ერთობლივი კავშირი, ვიზუალური და აბსტრაქტული აზროვნების სინთეზი, დიალოგი. მას საკუთარი დამოკიდებულება აქვს ფერებთან მიმართებაში და მათ ის გეომეტრიულ ფიგურებთანაც აკავშირებს შემდეგნაირად: ყვითელი ესადაგება სამკუთხედს, წითელი - კვადრატს, ხოლო ლურჯი - წრეს.

 ✍️ავტორი: სოფო პაპინაშვილი
საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი


Comments