რუბრიკა "პერსონა" – მოქანდაკე კახა არუნაშვილი

1972 წლის 3 იანვარს, თბილისში დაიბადა მოქანდაკე კახა არუნაშვილი, რომელმაც ქანდაკება თავის პროფესიად სკოლის დასრულებისთანავე აირჩია. მან სწავლა თბილისის მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიულ სასწავლებელში დაიწყო 1987 წელს, მისი დასრულებისთანავე 1991 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა მონუმენტური ქანდაკების კლასში. მისი პედაგოგები იყვნენ ჯუნა მიქატაძე, მოგვიანებით კი მერაბ ბერძენიშვილი. მონუმენტალისტი მოქანდაკის შემოქმედება, დღესდღეობით, ფართო საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი: იგი მიეკუთვნება 1990–იანი წლების იმ ხელოვანთა თაობას, რომელთაც რთულ სოციო–პოლიტიკურ გარემოში მოუწიათ მუშაობა. საუკუნის მიწურულში ხელოვნებისთვის დრო და სივრცე ნაკლებად რჩებოდა, თუმცა ნიჭიერმა შემოქმედებმა თავიანთი კარიერული წინსვლა საკუთარი ძალებით მოახერხეს. მათ შორის უნდა მოვიაზროთ მოქანდაკე კახა არუნაშვილიც, რომელმაც შეასრულა ქართველი საზოგადო მოღვაწეების პორტრეტები - „მერაბ კოსტავასა“ და „ირაკლი აბაშიძის“ ბიუსტები. 
მისი შემოქმედებითი ინტერესი უმეტესწილად პორტრეტის ჟანრს მოიცავს, თუმცა ასევე ნამუშევარი აქვს შიშველი ქალის ტორსზეც ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში დგას. რაც შეეხება პორტრეტებს, ერთ ერთი გამორჩეულია „მერაბ კოსტავას“ ბიუსტი (არქიტექტორი გელა იორდანიშვილი, რომელიც 1999 წელს დაიდგა „ვერის ბაღში“ „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ დაკვეთითა და დაფინანსებით. მაღალ პედესტალზე წარმოდგენილი მკაცრი და შეუპოვარი, მებრძოლი გმირის პორტრეტი დიდი შინაგანი ენერგიით გამოირჩევა. ბიუსტი ¾–შია წარმოდგენილი და ფრონტალურად აღიქმება, თუმცა სახის სტრუქტურული აგებულების შესაბამისად, ნამუშევარი იკითხება ხედვის სხვადასხვა წერტილებიდან.
მერაბ კოსტავას შინაგანი სამყაროს დაუმორჩილებელი სული და პატრიოტიზმი იგრძნობა მის ნაკვთებსა და მიმიკაში. ბრინჯაოში ჩამოსხმული ბიუსტის საყრდენად გამოყენებულია მუქი ფერის ქვა, რასაც ანეიტრალებს და სიცოცხლეს სძენს კვარცხლბეკის ცენტრალურ არეში, კუთხეში ჩასმული მცირე ზომის თეთრი ფერის ქვაზე ამოკვეთილი ქართული ორნამენტი. მონუმენტური ტიპაჟია შექმნილი წარბების ერთმანეთთან შეყრით და შუბლის ნაოჭის დაჭიმვით, ოდნავ ამობერილი ყვრიმალებით, ფართო ნესტოებით და დამახასიათებელი ულვაშით. ცალკე აღსანიშნავია დიდი მრგვალი თვალები, რომლის მზერაც თითქოს ერთი წერტილისკენაა მიმართული, თუმცა ვერცერთი რაკურსით მის მზერას მაყურებელი ვერ დაიჭერს. ამ მეთოდით, იქმნება პიროვნების გონებაში არსებული იდეისადმი ერთგულება, ერთი მიმართულებით სვლა. აქვე შეიძლება გავიხსენოთ ეგვიპტური ქანდაკებების ინკრუსტირებული თვალები, რომლებიც ასევე არ ამყარებენ მაყურებელთან მზერით კონტაქტს. „ირაკლი აბაშიძის“ ბიუსტი დგას ვაკეში, მისივე სახელობის ქუჩაზე, რომელიც აღიმართა 2003 წელს (არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი). მოქანდაკეს შესწავლილი აქვს მწერლის პიროვნული ნიშან-თვისებები და მან საკუთარი აღქმითა და ინდივიდუალური ხედვით შექმნა მწერლის სკულპტურული გამოსახულება.
ზემოთ ხსენებული ნამუშევრისგან განსხვავებით, ირაკლი აბაშიძის ბიუსტში თვალის გუგები დამუშავება განსხვავებულია: გლუვი ერთიანად ამობურცული ზედაპირით შექმნილია განწყობილება.
ფრონტალური ხედვის წერტილიდან ფიგურა მაყურებელთან ახდენს მზერით კავშირს და, თითქოს, მასთან დიალოგში შედის. მოქანდაკე კახა არუნაშილმა ასევე შეასრულა გრიგოლ რობაქიძის ბიუსტი, რომელიც დგას მისივე სახელობის უნივერსიტეტის ფოიეში. ამჟამად, იგი მუშაობს ერთ–ერთ მნიშვნელოვან პროექტზე, დავით გურამიშვილის მონუმენტურ ქანდაკებაზე. ამ ძეგლზე ინტენსიური შემოქმედებითი საქმიანობა მიმდინარეობს „საქართველოს სამხატვრო ქარხანაში“. მუშაობა მალე დასრულდება და მონუმენტი საზეიმო ვითარებაში გაიხსნება საგურამოს ცენტრალურ ბაღში. ქართველი მოქანდაკის ბიოგრაფიული მონაცემების შეგროვებისა და მისი ნამუშევრების მოკლე განხილვის შემდეგ, ხაზი უნდა გავუსვათ ერთ უმნიშვნელოვანეს დეტალსაც, ქანდაკებისადმი თანამედროვე ადამიანის უდიერ დამოკიდებულებას. ეს ეხება „ირაკლი აბაშიძის“ პორტრეტს, რომელსაც თვალის არე აქვს დაზიანებული, კერძოდ მასზე გამოყენებულია ფლომასტერი ან სხვა სახის მასალა და მიხატული აქვს თვალის კაკლები. მსგავსი პრობლემა შეინიშნება სხვა ძეგლებზეც. ვფიქრობ, ამ და სხვა მსგავსი პრობლემებით დაინტერესება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოსთვის.

✍️ავტორი: სოფიო პაპინაშვილი საქართველოს 
სამხატვრო ქარხნის კურატორი

#სამხატვროქარხანა #georgianartfactory #GAF #GAFstream #sopopapiashvili #kakhaarunashvili







Comments