რუბრიკა „ეს საინტერესოა“ - ქანდაკებებით შექმნილი ზღვისქვეშა მუზეუმი


მსოფლიო კულტურულ სივრცეში თანამედროვე მოთხოვნილებებისამებრ სკულპტურული ჯგუფები, კომპოზიციები, პორტრეტები თუ გასნხვავებული ჟანრობრივი დიფერენცირებით დაყოფილი ნამუშევრები თავსდება მისთვის სწორად შერჩეულ ადგილებში. ფიგურაც უნდა პასუხობდეს სივრცეს, საზოგადოების ინტერესს, ესთეტიკას და, რაც მთავარია, არ უნდა ირღვეოდეს ქანდაკების პრინციპები. პოსტმოდერნისტულ ეპოქაში უამრავი ახალი მიმდინარეობა წარმოიშვა, რომელთა უმეტესობაც დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. კარგად ჩამოყალიბებული და მაყურებლისთვის სწორად მიწოდებული ახალი იდეა, შესაძლოა, ბევრი ადამიანისთვის შემოქმედებითი ინსპირაციის წყაროდ იქცეს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელოვნების ყველა დარგი საჭიროებს აუდიტორიას, შესაბამისად იდეათა სამყაროში შექმნილი ნამუშევრები ყველასთვის მეტ-ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს. დაუჯერებლად შეიძლება ჟღერდეს თანამედროვე ეპოქაში შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში ქანდაკების განვითარება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყველასთვის ცნობილი გახდა იაპონური და ჩინური ხელოვნება, მოდერნისტული ტენდენციებიც მალევე განვითარდა მათ სამშობლოში.
საუბარი მინდა დავიწყო ბრიტანელი არტისტით, მოქანდაკით, ჯეისონ ტეილორის  შემოქმედებით, რომელმაც შთამბეჭდავი პროექტი წარმოადგინა ინდონეზიის გილი მენოს კუნძულების ოკეანის ფსკერზე, სადაც განათავსა ქანდაკებათა ჯგუფები. ტექნიკის და მეცნიერების განვითარებამ საოცრად დააჩქარა ცხოვრების რიტმი და ადამიანისთვის შეუძლებელი თითქმის აღარაფერია, რასაც ადასტურებს ე.წ. წყალქვეშა ბაღები და მუზეუმებიც.  
ჯეისონ ტეილორისთვის შთაგონებად იქცა 1954 წლის აგვისტოში გვიდო გალეტის მიერ გენუასთან ახლოს, ხმელთაშუაზღვაში ბრინჯაოს ფიგურის „იესო უფსკრულიდან“ ჩატანა (1954 წ. 22 აგვისტო).


ეს იყო უდიდესი ნოვაცია, რომელიც მოგვიანებით განავითარა ჯეისონ ტეილორმა და თავის შემოქმედებაში უდიდესი ადგილი დაუთმო წყალქვეშა სივრცის მოწყობას. მან 1998 წელს დაასრულა ხელოვნების კამბერველის კოლეჯი ქანდაკების განხრით. 2001 წლიდან დაიწყო ფიქრი, თუ როგორ შეიძლებოდა ქანდაკებათა ჯგუფები ოკეანეებსა და ზღვებში დაედგა. 2006 წელს კი უკვე განახორციელა თავისი ჩანაფიქრი და დააფიქსირა  პირველი მცდელობები „მარჯნის რიფების" სახით, რომელიც მდებარეობს კარიბის ზღვაში.

მან იმუშავა ინდონეზიაში გილი მენოს კუნძულებზე, ლანზაროტში (კუნძული ესპანეთში, პარკი შეიქმნა 2016 წელს) ატლანტის ოკეანეში. მოქანდაკის ნამუშვერები 2017 წელს ვენეციის ბიენალეზეც წარსდგა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქანდაკებაში ახალი ჟანრის ჩამოყალიბება ერთნაირად საინტერესო და განსაცვიფრებელი აღმოჩნდა როგორც ხელოვანებისთვის, ისე ქანდაკების მოყვარულთათვის.





ამ ნამუშევრებით ავტორს სურს სამყაროსა და ადამიანის ინტეგრირებას შეუწყოს ხელი და მას მიაჩნია, რომ „ბუნება არასდროს ტყუის“. მსგავსი მუზეუმები ტურისტების უდიდეს ინტერესს იწვევს.



ამ ჟანრს გამოუჩნდა მიმდევრებიც, ერთ-ერთი მათგანია ინგლისელი დამიენ ჰირსტი, რომელმაც თავისი კარიერა თანამედროვე მოთხოვნილებებით წარმართა. მრავალი ნაწარმოები შექმნა სოციალურ თემატიკაზე, ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასევე დაინტერესდა წყალქვეშა სივრცის ათვისებითაც და გადაიღო დოკუმენტური ფილმი, რაშიც აღბეჭდლია ფიგურების ზღვაში განთავსების პროცესი. დასახელებული ავტორის ნაწარმოებებიც ასევე წარსდგა 2018 წელს ვენეციის ბიენალეზე. ხშირად საუბრობენ ჯეისონ ტეილორის ახალი ჟანრის კოპირების მცდელობაზე დამიენ ჰირსტის მხრიდან, რადგან ისიც მუშაობდა მარჯნის რიფების თემაზე, თუმცა ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ჰირსტისთვის ეს ჟანრი ერთ-ერთი სათქმელია და მისი ძირითადი სამეტყვლო ენა სამუზეუმო სივრცეში თანამედროვე ექსპონატების წარმოდგენაა, სადაც გაერთიანებულია ხელოვნების სხვადასხვა სახეობა. მის მიერ მოწყობილი გამოფენა რამდენიმე დარბაზს იკავებდა და თითოეული სივრცე თემატურად იყო შეკრული. წყალქვეშა მარჯნის რიფების ფიგურებმა ინსტალაციის სახე მიიღო, როდესაც მან ისინი ეკრანის საშუალებით წარმოადგინა მუზეუმში.




 თანამედროვე გარემო დღესდღეობით მარავალი ახალი იდეის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, სადაც ხანდახან რთულია ბალანსის დაცვა. შემოქმედისთვის მთავარი მიზანი უნდა იყოს შექმნას ნამდვილი ხელოვნება, რომელიც არასდროს იქცევა კიტჩად. სტატიაში განხილული თემატიკა კი შემოქმედთა ძიებებზე დაყრდნობით გადადგმული ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია. მსგავსი ნოვატორული იდეები კარგი იქნება საქართველოს საზღვრებსაც მოუახლოვდეს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:



# Georgianartfactory #GAF #GAFstream 
#Underwatersculpture #Underwatermuseum


 ავტორი: საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი სოფიო პაპინაშვილი

Comments