რუბრიკა ეს საინტერესოა: მოზაიკა, მონუმენტური ხელოვნების უძველესი დარგი

მონუმენტური ხელოვნების ერთ-ერთი სახეობაა „მოზაიკა“, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ფერადოვნებით. ის იქმნება წვრილ-წვრილი ფერადი ქვების, მინის, ბროლის ან სხვა გამჭვირვალე მასალისგან, რომელსაც აწებებენ ნიმუშისთვის სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე. მოზაიკურ ტექნიკას იყენებენ კედლების, ჭერის და იატაკის შესამკობად. ცნობილია, რომ უადრესი მოზაიკური ნიმუში შეიქმნა მესოპოტმიაში, რომელიც ძვ.წ. მესამე ათასწლეულს მიეკუთვნება. ასევე მას წარმატებით იყენებდნენ ირანში, სადაც აქემინიანთა დინასტიის დროს შეიმკო დარიოსის სასახლე მოზაიკებით. ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების შემდეგ ის გამოჩნდა საბერძნეთსა და რომში. დიდი ინტერესით ეკიდებოდნენ მას ბიზანტიაში, სადაც წმინდანთა გამოსახულებები რავენის ტაძრებში სწორედ მოზაიკებით შეიქმნა.








საქართველოც მდიდარია მონუმენტური ხელოვნებით. უადრესი ნიმუშები აღმოჩნდა სოფელ ძალისას ტერიტორიაზე, მისი საშუალებით დეკორატიულად ყოფილა გაფორმებული აბანოს, ე.წ. „დიონისეს სახლის“ გასახდელი. ასევე ფრაგმენტებად არის შემორჩენილი ბიჭვინთის ტაძრის მოზაიკა (ახ.წ. IV ს.), გვაქვს ცნობები წრომის ტაძრის საკურთხევლის კონქის მოზაიკური შემკულობის შესახებაც (მოზაიკა განადგურებულია). XII საუკუნის დასაწყისში, გელათის მონასტერში შესრულდა ყველაზე დახვეწილი და ქართული ეროვნული ნიშნების მატარებელი გამოსახულება „ნიკოპეის ტიპის“ ღვთისმშობელი. თანამედროვეობაში მოზაიკა დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში და მას აღარ აქვს მხოლოდ რელიგიური დატვირთვა, არამედ მისი საშუალებით შესაძლებელია დეკორატიულად შეიმკოს მოდერნისტული შენობა-ნაგებობებიც.





ავტორი: სოფიო პაპინაშვილი, საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი


Comments