რუბრიკა „ეს საინტერესოა“: გუმბათი, საკრალური სივრცის მაპროვოცირებელი არქიტექტურული ელემენტი


„გუმბათი“ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ერთ-ერთი არქიტექტურული ელემენტია. მისი წარმოშობის ისტორიაც უძველეს პერიოდს უკავშირდება. ტერმინი მომდინარეობს ბერძნულიდან და ლათინურად „სახლს“ ნიშნავს, რენესანსის პერიოდში კი მას „ღვთის სახლს“ უწოდებდნენ. გუმბათოვანი გადახურვის მრავალი საინტერესო და ერთმანეთისგან გამორჩეული ნიმუშია შექმნილი და თითოეული მათგანი განსხვავებულ რელიგიურ მნიშვნელობას იძენს.
უადრესი ნიმუში შუამდინარეთის ადრეული განვითარების პერიოდს მიეკუთვნება, მას იყენებდნენ ჩინეთშიც. ყველაზე ცნობილი ტაძარი, რომელიც გუმბათით გადაიხურა იყო ელინისტურ რომში აშენებული „რომის პანთეონი“. გუმბათოვან სივრეში იდეური და მხატვრული დატვირთვა, ამასთან ერთად ინტერიერის განათების  სისტემა შეერწყა ერთმანეთს. კესონებით ჩაღრმავებული დეკორატიულად გაფორმებული გუმბათი, მთლიანად მრგვალი და სიმაღლეში დატოვებული ღიობი დიდ მხატვრულ ეფექტს სძენს ტაძარს. „ყველა ღმერთის სამყოფელი“ ხომ სწორედ ისეთი უნდა იყოს, სადაც კაცობრიობა სულიერებისთვის იზრუნებს. ამ მხატვრული ელემენტების გამოყენებით ჭერიდან ჩამომავალი სხივი ღმერთიებსა და ადამიანთა შორის არსებული უხილავი კავშირის მიმანიშნებელია. მას შემდეგ გუმბათის მრავალი ვარიაცია შეიქმნა, ერთ-ერთი აღსანიშნავია რენესანსის პერიოდში ფილიპო ბრუნელესკის მიერ დაპროექტებული „სანტა მარია დელ ფიორეს“ ტაძრის გუმბათი. მან კონსტრუქციას შემატა სიმსუბუქე და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შეძლო, შეექმნა მასიური, მაღალი და მსუბუქი გადახურვა. 



გუმბათი ქართულ საკულტო არქიტექტრაშიც განვითარდა და ეპოქალური მახასიათებლებიც შეიძინა. ამასთან საინტერესოა საცხოვრებელი სახლის გუმბათოვანი გადახურვაც, რომელიც გავრცელებული იყო ქართლის ტერიტორიაზე. აღნიშნულ სახლებში ე.წ. გვირგვინისებური კონსტრუქცია დიდ სიახლოვეს პოულობს რომის პანთეონთან. საქართველოში გვირგვინისებური სახლები იგებოდა ქართველთა ტრადიციების მიხედვით, - შუაცეცხლის გარშემო წყდებოდა ყველა საკითხი, იქ იკრიბებოდნენ ოჯახის წევრები და გუმბათის ქვეშ საკრალური სივრცე იქმნებოდა. ხის კოჭებით შეკრული გვირგვინი აქაც ღიად იყო დატოვებული და ის ზუსტად ცენტრს, „წმინდა კერას“ დაჰყურებდა თავზე იმისათვის, რომ ცეცხლის კვამლი განეიტრალებულიყო. საერო და საკულტო ორივე ნაგებობის ერთმანეთთან შედარება ბევრ საერთო მახასიათებელს ქმნის, განათებით, კონსტრუქციით და საკრალური სივრცის ხაზგასმით. ღმერთების სახლის და ადამიანის საცხოვრებლის შედარება ფილოსოფიური და მხატვრული თვალსაზრისითაც საინტერესო საფიქრალს გვიტოვებს კაცთა მოდგმას.




ავტორი: სოფიო პაპინაშვილი, საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი

Comments