რუბრიკა „სიახლე“ - „ნოემბრის ძეგლები“



ნოემბრის დასაწყისი ქართული ქანდაკებისთვის საინტერესო აღმოჩნდა: საგურამოში 9 ნოემბერს გაიხსნა კახა არუნაშვილის მიერ შესრულებული დავით გურამიშვილის ძეგლი, ხოლო თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე იტალიაში მოღვაწე მოქანდაკის, ვაჟა მიქაბერიძის (პრასტოს) ნამუშევარი. ეს არის ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ნიმუში მხატვრულ-კომპოზიციური თვალსაზრისით: ერთია აკადემიურ სტილში შესრულებული, რომელსაც საზოგადოებისთვის კითხვის ნიშნები არ აქვს, ხოლო მეორე არის აბსტრაქტული ფიგურა, რომლის აზრის გარკვევა რთულია მოქანდაკის კონცეფციის ცოდნის გარეშე. გურამიშვილის ძეგლზე საუბარი გვქონდა "გაფის" ერთ-ერთ სტატიაში, სადაც განხილული იყო ფიგურა თბილისში აღმართულ გურამიშვილის ძეგლთან მიმართებაში. შესაბამისად, აქ ქანდაკების სტრუქტურაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, არამედ მინდა შევეხო სკულპტურის მდებარეობას. ძეგლი დგას პარკის შესასვლელიდან ხელმარჯვნივ და გზასთან ახლოს, რაც უკვე გარემოში სინთეზს არღვევს. ამას ემატება ისიც, რომ სკვერისკენ მიმავალ სამანქანო გზას ძეგლი ზურგშექცევით ხვდება, განათება ფიგურას ხვდება ზურგიდან და სახეს უბნელებს. მისი უდიდესი დადებითი მხარე კი ზუსტად რომ მეტყველი სახე და კარგად შესრლებული პორტრეტია. აშკარაა, რომ არ მოხდა ადგილის სწორი შერჩევა, უფრო მომგებიანი იქნებოდა ფიგურის განთავსება პარკის შუაგულში იქ, სადაც ხალხი მეტად იმოძრავებს და ქანდაკებაც დომინანტი გახდებოდა გარემოში. ამ შემთხვევაში კი პარკში შემავალი ადამიანი თუ სპეციალურად ძეგლის სანახავად არ გაუხვევს გვერდით, ისე მხოლოდ თვალს შეავლებს შორიდან, რაც ძეგლს სწევს უკანა პლანზე. თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს მონუმენტური ქანდაკების, როგორც დარგის წახალისება, რაც საქართველოში არ არის ხშირი.










რაც შეეხება ვაჟა მიქაბერიძის კომპოზიციას, სათაურით Nuovo („ახალი“),  ის აბსტრაქტული ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს და ავტორიც ხაზს უსვამს სიახლეზე. მცირე მიმოხილვითი სახით აღვნიშნავ, რომ ე.წ. „უსაგნო ხელოვნება“ XX საუკუნის ავანგარდისტულ მიმდინარეობათა შორისაა, რომელიც განგრძობადობაშია, მუდმივმოქმედებაშია და ის დღესაც ინარჩუნებს პოპულარულობას მხატვართა შორის. ეს არის მიმართულება, რომელიც ჯერ კიდევ არ ამოუწურულა და ხელოვანებს კიდევ მრავალი ვარიაციის შექმნა შეუძლიათ.  ამ სახით წარმოდგენილი ფიგურა N’uovo კი ქართული გარემოსთვის განსაკუთრებული სიახლე არ არის მით უფრო, რომ გაურკვეველია მისი დანიშნულება: თავშივე აღინიშნა, რომ ნამუშევარი მოძრავია, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ის დამოუკიდებლად უნდა მოძრაობდეს და მაშინ საქმე გვექნებოდა კინეტიკურ ქანდაკებასთან, რაც მართლაც სიახლე იქნებოდა ქართული ქანდაკების სივრცეში (ბათუმში აღმართული „ალი და ნინოს“ ქანდაკების შემდგომ). მაგრამ კომპოზიცია მხოლოდ ხელით შეხების შედეგად ბრუნავს და რადგან ის სპეციალურად აგებულ ოთკუთხა ფორმის აუზში დგას, მის მოძრაობას გამორიცხავს, რადგან სპეციალურად მის დასატრიალებლად წყალში არავინ გადავა. შესაბამისად, მოძრაობის ფუნქცია უკვე გაქრა და დარჩა მხოლოდ წრე, რომელიც უფრო ოვალურ ფორმას იღებს შუაში სიცარიელით. თუ შევეცდებით ამ გეომეტრიულ ფიგურათა შორის კავშირი დავინახოთ, ალბათ სიმბოლიკიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ რას უნდა ნიშნავდეს ოთკუთხედი და წრე ერთად წარმოდგენილი. ოთკუთხედი მიწიერი სამყაროს სიმბოლოა, ხოლო წრე მარადიულობის, თუმცა ეს არის მხოლოდ ვარაუდი და ინდივიდუალურად აღქმული მოვლენა. ფიგურის შუაგულში დატოვებული სიცარიელე გარემოსთვის მომგებიანია, მაგრამ ქალაქის ცენტრში მისი განთავსება არ არის გამართლებული, რადგან ტვირთავს სივრცეს.







ამ ყოველივეს შემდეგ ბუნებრივია ჩნდება კითხვებიც, მაგალითად: აღნიშნული ძეგლების აღმართვის საკითხში იყო თუ არა ინფორმირებული საზოგადოება, მერიის და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა გარდა ჰქონდა თუ არა ვინმეს ამაზე წვდომა? ან ვისთვის იდგმება ძეგლი თუ მას არ ჰყავს დამთვალიერებელი და არ იცის მისი არსებობის შესახებ? რა არის გარემოში ქანდაკების არსებობის მიზანი? ეს არის ის კითხვები, რომლებიც საზოგადოებაში, და არამხოლოდ, გამუდმებით ისმის ხოლმე. ადამიანთა გარკვეული ჯგუფი კი მიესალმება ტენდენციას, რომლის თანახმადაც ძეგლებმა უნდა გადაინაცვლონ ქალაქის ცენტრიდან მოშორებით და შექმნან ახალი გარემო გამწვანებით, რაც ხელს შეუწყობს საპარკო ტიპის ქანდაკების განვითარებას, რაც ასე აკლია ქალაქს...






ავტორი: სოფიო პაპინაშვილი, საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი

Comments