„მამა ღმერთის“ გამოსახულების იკონოგრაფიული ანალიზი უბისის მოხატულობიდან


უბისის მხატვრობის სქემა ბიზანტიის პალეოლოგოსური მხატვრობის სტილს მისდევს და ის ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ტაძრის მხატვართა ბიოგრაფიული მონაცემები არ არის ცნობილი, თუმცა ვიცით ვინაობა: იქ მუშაობდა მხატვარი დამიანე, რომელსაც ეკლესიის მოხატვაში თავისი მოსწავლეები ეხმარებოდნენ. მოხატულობაში განსხვავებული ტექნიკა და მხატვრული მანერა იკვეთება, რაც დასტურია იმასა, რომ მოხატულობაზე მხოლოდ ერთ ადამიანს არ უმუშავია. ინდივიდუალური ხელწერის მქონე ოსტატმა, დამიანემ შექმნა „საიდუმლო სერობის“ და „ევქარისტიის“ სცენები. ამათგან რადიკალურად განსხვავებული მხატვრული მანერა შეიმჩნევა ჭერის მოხატულობაში, სადაც ერთიან მოჩარჩოებაში, რეგისტრულ დაყოფაში წარმოდგენილია თეთრწვერა და თეთრთმიანი მოხუცი ახალგაზრდა იერით;  წარმოდგენილი ფრესკული პორტრეტი მამა ღმერთია, რომელსაც ხშირად ქრისტეს სახესთან აიგივებენ. საინტერესო არის ისიც, რომ გამოსახულება  ჩასმულია უცნაური ფორმის გეომეტრიულ ფიგურაში. გავრცელებული რედაქციით ქრისტეს წარმოადგენენ ხოლმე მანდორლაში ან წრეში, - ორივე შემთხვევაში საქმე სამყაროს დაუსრულებლობის სიმბოლოს ეხება. თუ აღნიშნული ფრესკის გეომეტრიულ ფორმას გავყოფთ შუაზე, მივიღებთ 2 სამკუთხედს, ერთი წვერით ზეცისკენ მიმართულს, ხოლო მეორეთი - მიწისკენ. სამკუთხედი ზეციური სამყაროსკენ ლტოლვას გამოსახავს, ხოლო ამობრუნებული სამკუთხედი, შესაძლოა, მიწიერ ცხოვრებასთან დავაკავშიროთ. ადრექრისტიანულ სიმბოლიკაში კი ტოლგვერდა სამკუთხედი წმინდა სამების გამომსახველი იყო. ამ სიმბოლოებიდან გამომდინარე წარმოდგენილ იკონოგრაფიულ სქემაში მამა ღმერთი არის ზეცისა და მიწის, მარადიულობის და წარმავალობის შემაკავშირებელი, გამაერთიანებელი. ძველისა და ახალი სარწმუნოების გაერთიანება იკითხება კომპოზიციია მარჯვნივ წარმოდგენილი ძველი და ახალი ათქმის ტაძრებით, რომელსაც წითელი ნაჭერი აერთიანებს (წითელი ქრისტიანულ სიმბოლიკაში სიყვარულისა და სისხლის, წამების ინსცენირება), რაც მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ღვთისმშობლისადმი ხარების სცენაში იღებს სათავეს. ახალი ათქმის ტაძრის მხრიდან გამომავალია ნახევარწრიული სფერო, რომლიდანაც გამოედინება სხივები, რაც წმინდა სამების სიმბოლიკაზე უნდა მიუთითებდეს. მარცხენა მხარეს კი წარმოდგენილია იესო ქრისტეს შობა. ერთ რეგისტრში გადმოცემული ეს სამი სიუჟეტი თემატურად არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა მხატვრის იდეიდან გამომდინარე მან სწორედ ამ სიუჟეტებით დაგვანახა ერთი (მამა) სამპიროვანი ღმერთი, სული წმინდისა და შობის გამოსახულებით ძე ღმერთის განკაცების წარმოდგენით. ე.ი. აშკარაა, რომ მხატვარმა ღვთიური ბუნების დოგმატური ფორმულა შემოგვთავაზა. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ცენტრში გამოსახული თეთრწვერა მოხუცის სახით მამა ღმერთი წარმოდგენილია სერაფიმების ფონზე, რომლებიც ანგელოზთა დასის უმაღლეს საფეხურზე დგანან და ღმერთთან ყველაზე ახლოს იმყოფებიან.





ავტორი: სოფიო პაპინაშვილი
საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი

Comments