ხელოვნების ნაწარმოების მოდერნისტული გაგება თანამედროვე
ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის და ყოველივე წარსულში არსებული მხატვრული პრინციპების უარყოფის
სინთეზი იყო. არტურ დანტო
ამბობდა, რომ: „მოდერნიზმის ისტორია იწყება 1880-იანი წლებიდან და ეს არის ხელოვნების
კონცეფციის დემონტაჟის ისტორია, რომელიც ათასწლეულის ნახევრის განმავლობაში ვითარდებოდა.
მსოფლიო ომების ეპოქა ახალი აზროვნების ხანად იქცა: ეკონიმიკურმა, პოლიტიკურმა და სოციალურმა
კრიზისმა გაამწვავა კრიტიკული აზროვნება ხელოვანებში. დიდი ხნის განმავლობაში იქმნებოდა
გამოსახულების დაკარგვის იდეა - აბსტრაქცია, რომელიც პირველად რომანტიკოს მხატვრებთან
ჩნდება და განსაკუთრებით ეს უილიამ ტერნერის ბოლო დროინდელ ნამუშევრებშია ასახული.
მოდერნიზმი არის დაშლის, დანაწევრების ფილოსოფია, იდეა
კი მდგომარეობს იმაში, რომ ნაწარმოები უნდა აღიქვა ცალკეული ნაწილებით, დაქუცმაცებული
სახით, რომელიც მნახველის გონებაში დალაგდება ემოციის და შთაბეჭდილების სახით. ე.ი.
ძველი ხელოვნება, როგორც მასზე მოდერნისტები ამბობდნენ, უნდა დასრულდეს და სამუზეუმო
ექსპონატის გარდა უნდა იარსებობს ცოცხალმა ხელოვნებამ. თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებს
„სალონური“ შეარქვეს, რადგან, მაშინდელი გაგებით, ის ვერ აღწევდა სამუზეუმო დონეს.
მთელი რენესანსის ეპოქა და შემდგომი სტილები, რომანტიზმის ბოლო პერიოდის გამოკლებით,
ცდილობდნენ ნაწარმოების კომპოზიცია აეგოთ, აეწყოთ, აეშენებინათ, მოდერნისტები კი -
პირიქით, შლიან გამოსახულებას და ტოვებენ ძირითად კონსტრუქციას. მიუხედავად იმისა,
რომ თანამედროვე ქანდაკება ოგიუსტ როდენიდან იწყება და ის იმპრესიონისტ მოქანდაკედ
ითვლება, ახალი ხელოვნების საპირისპიროდ კი არ ანაწევრებს გამოსახულებას, არამედ უდიდეს
აქცენტს შეგრძნებებზე აკეთებს და ზოგიერთ შემთხვევაში (მაგალითად ცნობილი „კალეს მოქალაქენი“)
დეფორმირებული და უტრირებული ფორმებით გადმოსცემს სათქმელს (რაც გარკვეული თვალსაზრისით
ექსპრესიონიზმთანაც ავლენს პარალელს), ამავე დროს შუქ-ჩრდილის თამაში უსწორმასწორო
ზედაპირით პირდაპირ დაკავშირებულია იმპრესიონისტი მხატვრების თეორიასთან. ამიტომაც,
იმპრესიონიზმი, როგორც მხატვრობაში, ისე ქანდაკებაში, მაინც რეალისტურ ხელოვნებასთან
მჭიდრო კავშირში არსებობდა. კუბიზმი კი გახდა ისეთი რადიკალური მიმდინარეობა, რომელიც
მოდერნისტული ხელოვნების მთავარ გზავნილს, დეკონსტრუქციის იდეას ბადებს. აღნიშნული
მიმდინარეობა XX საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა და პოპულარული 1910-იან წლებში გახდა.
კუბისტური ქანდაკების წარმომადგენლები პაბლო პიკასო, ჟორჟ ბრაკი, ალექსანდრე არხიპენკო,
რეიმონდ დუშან ვილონი, უმბერტო ბოჩონი და სხვები გამოირჩევიან გეომეტრიული ფიგურების
გამოყენებით, სათქმელს კუთხოვანი ფორმებით აჟღერებდნენ. ამ იდეის ხორცშესხმაში უდიდესი
როლი შეასრულა სკანდინავიური ქვეყნების და აფრიკული ნიღბების ხელოვნებამ, რომელიც მოდერნისტი
მხატვრების შთაგონების წყაროდ იქცა. კუბიზმის პარალელურად არსებობდა ფოვისტური ქანდაკება,
კონსტრუქტივიზმი, სიურეალიზმი, გამოირჩევა ალბერტო ჯაკომეტი, რომელიც კონკრეტულ სტილთან
არ არის დაკავშირებული, იგი საზრდოობდა ეგეოსური ქანდაკებიდან და საკუთარი ვარიაციით
ქმნიდა თანამედროვე ფიგურებს. დამახასიათებელი სტილით იგი ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოქანდაკედ
დარჩა ხელოვნების ისტორიაში.
ყველაზე გამორჩეული ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური კონტექსტი
ავანგარდისტულ მიმდინარეობებს შორის ჰქონდა დადაიზმს, რომელიც გერმანული მოვლენა იყო
მისთვის დამახასიათებელი სიმკაცრით და შეუპოვრობით. მათ სრულიად გადააფასეს ხელოვნება
და ფილოსოფია, უდიდესი ადგილი დაუთმეს ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზის სწავლებას ლიბიდოს
შესახებ და წინ წამოსწიეს არაცნობიერი ფსიქიკა, რომელიც ინტუიტიურია და რომლის საშუალებითაც
ზედაპირზე უნდა ამოვიდეს დაუკმაყოფილებელი
სურვილები. ხელოვნების ნაწარმოების შექმნის პროცესი მათთვის სუბლიმაციაა. დადაისტები
ცინიზმით განიმსჭვალენ „სამუზეუმო ხელოვნების“ მიმართ. მათი რადიკალური დამოკიდებულება
გახდა საბაბი „რედიმეიდის“ შექმნისა, რომელიც სრულებით არ ავლენს არანაირ კავშირს ქანდაკების
არსთან. მათ მიმართულებას ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა და როდესაც ეკითხებოდნენ, ნუთუ თავად
მაინც სჯეროდათ იმის, რომ ისინი ხელოვნებას ემსახურებოდნენ, მათი პასუხი აქაც დამცინავი
იყო და პასუხობდნენ, რომ არც არასდროს ჰქონიათ პრეტენზია ხელოვნება შეექმნათ... დადაისტების
სურვილი იყო, დაემსხვრიათ ადამიანის გონებაში „დაკონსერვებული“ შეხედულებები. მარსელ
დიუშანის ცნობილი „ველოსიპედის ბორბალი“ კი მნიშვნელოვანი მიგნება აღმოჩნდა კინეტიკური
ხელოვნებისთვის და, ზოგადად, მთელი პოსტმოდერნისტული ფილოსოფიისთვის. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ხელოვნება გარდამავალი
პერიოდი იყო და ხასიათდება ძიებებით, მრავალფეროვანი კონცეფციებით. 1960-იანი წლებიდან
პოსტმოდერნიზმი პირველად ლიტერატურაში იჩენს თავს, ხელოვნებაში კი არქიტექტურიდან შემოდის,
ხოლო ქანდაკებაში დიუშანის რედიმეიდით საზრდოობს. ფილოსოფიური ბმა ამ ორ ეპოქას შორის
უდავოა, რაზეც შემდეგ სტატიაში გვექნება საუბარი.
|
ოგიუსტ როდენი. კალეს მოქალაქეები. 1884-1889 |
|
ოგიუსტ როდენი. სამი აჩრდილი. 1886 |
|
ალექსანდრე არხიპენკო. ქალი მარაოთი. |
|
პაბლო პიკასო. ქალის თავი. 1909 |
|
პაბლო პიკასო. აბსენტის ჭიქა. 1914 |
|
პაბლო პიკასო. ჭიქა და... 1914 |
|
ალექსანდრე არხიპენკო. მოსრიარულე ქალი. 1913-1915 |
|
კონსტანტინ ბრანკუზი. ადამი და ევა. 1921 |
|
კონსტანტინ ბრანკუზი. მარტოდმგომი სვეტი. 1918 |
|
ალექსანდრე არხიპენკო. მჯდომარე ფიგურა. 1938 |
|
ალექსანდრე არხიპენკო. ველური ქალი. 1942 |
|
კონსტანტინ ბრანკუზის სახელოსნო. |
|
მარსელ დიუშანი. ბოთლის საშრობი. 1914. |
|
მარსელ სიუშანი. ველოსიპედის ბორბალი. 1914 |
|
მარსელ დიუშანი. მბრუნავი შუშის ფირფიტები. 1924 |
|
მარსელ დიუშანი. მბრუნავი შუში ფირფიტები. ზუსტი ოპტიკა. 1920 |
#Georgianartfactory #GAF #GAFstream
#Modernsculpture
ავტორი: სოფიო პაპინაშვილი, საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი
Comments
Post a Comment