პოსტმოდერნიზმი - რეალობის ასახვა თუ აბსურდის თეორია



ახალ ეპოქას, რომელსაც პოსტმოდერნიზმს ვუწოდებთ, საფუძვლად აბსურდის თეორია დაედო, რაც უახლესი თეატრის დრამატურგიის საფუძველიცაა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოღვაწე ხელოვანები პარიზში ვეღარ ახორციელებდნენ ნოვაციური იდეების ფართოდ გავრცელებას, რადგან ის საომარ ზონას დაექვემდებარა. ნეიტრალური სივრცის მოძებნა კი ევროპელი ხელოვანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ევროპისგან ოკეანით დაშორებული ამერიკის შეერთებული შტატები იყო ისეთი სახელმწიფო, რომელიც ყველას ერთნაიარად აძლევდა შანსს საკუთარი აზრი გამოეხატა. ოკეანისგადაღმა აზროვნებაც განსხვავებული იყო. პირველი მიმდინარეობა, რომელიც 1940-იან წლებში ამერიკაში იბადება, არის „აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი“ ფერადოვანი ზედაპირისა და გამოსახულების გარეშე სათქმელის გადმოცემის ახალი სტილით. მისი უმთავრესი წარმომადგენელი - ჯეკსონ პოლოკი ინდივიდუალური ხელწერის ძიებაში ქმნის ნამუშევრებს დიდ ფორმატზე. მუშაობის პროცესში კი მისთვის ავტომატიზმია უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და ის არასოდეს საზღვრავს წინასწარ რას გადმოსცემს ტილოზე. ავტომატიზმი, სისწრაფე, გონების პრიზმაში გატარებული იდეის ექვივალენტები მოდერნისტული ხელოვნების ერთ-ერთი უპირობოდ ახალი ხედვის - ფუტურიზმის ნიშანი ისედაც იყო, შესაბამისად XX საუკუნის დასაწყისში გამოვლენილი მახასიათებლები მთელ საუკუნეს ბოლომდე გაჰყვა. სწორედ აქ იკვეთება მჭიდროდ ავანგარდისტული მანიფესტაციების პრინციპების საერთოობა ამ ახალ მიმდინარეობასთან. გარდამავალ ხანაში კი ყველაზე გამოკვეთილი ამ მიმართულებით იყო „ახალი რეალიზმი“.
ივ კლეინი ერთ-ერთი პირველია მათ შორის, რომლის ექსპერიმენტებმა საფუძველი დაუდო პერფორმანსს, მინიმალიზმს, ინსტალაციის ხელოვნებას. ახალგაზრდა ასაკში გარდაცვლილი არტისტი დაინტერესებული იყო ფერებით, გარემოში ობიექტების განთავსებით. იგი ეძებდა რაღაც ისეთს, რომელიც ერთ ოთახში შეიძლებოდა ადამიანს ეპოვნა - საკუთარი თავი (შინაგანში ჩაღრმავების სურვილი) და ამ იდეით მან შექმნა არტ ინსტალაცია „თეთრი ოთახი“, იგივე „ცარიელი ოთახი“. საინტერესოა, რომ მსგავსი პასაჟი გვხვდება ახალგაზრდა ქართველი არტისტის გიორგი ტაბატაძის ნამუშევარში „შენ“ (you. 2010, ფოტო მასალა არებულია საიტიდან Georgian Art Portal), სადაც კედელზე დატანილი წარწერა „You“ ზუსტად მიუთითებს იმაზე, რომ სამყაროში „მთავარი ხარ შენ, ადამიანი“, რომელიც ხარ ამქვეყნიური სიამეების შემქმნელი...

ივ კლეინი. „ცარიელი ოთახი“

გიორგი ტაბატაძე. „შენ“

პოსტმოდერნი, რომელიც უამრავ მიმდინარეობას მოიცავს, 1950-60-იანი წლებიდან დაიწყო დიდ ბრიტანეთში, საიდანაც გავრცელდა ამერიკაში. ხელოვნების თემად სწრაფი კვების ობიექტების ნაწარმი ჩნდება, ამასთან ჟურნალ-გაზეთებიდან ამოკრეფილი ტექსტები კოლაჟების სახით, რაც კუბიზმის გამოგონება იყო, არსებობას აგრძელებს. თუმცა ევროპული საზოგადოებისგან განსხვავებით, რომლებმაც მოდერნისტები რთულად აღიარეს, ამერიკა ყოველგვარ ახალ იდეას კარს ფართოდ უღებდა და უცხოდ სულაც არ აღიქმებოდა ქუჩებში დადგმული ჰამბურგერების, ნაყინის და სხვა მსგავსი ტიპის ობიექტები. სრულიად იცვლება დამოკიდებულება ქანდაკების მიმართ: მინიმალიზი, ლენდ არტი და კინეტიკური ხელოვნება მთავარი მიმართულებებია როგორც სამუზეუმო სპეციფიკის, ისე ურბანული სივრცის განვითარების სურვილით.

პოსტმოდერნიზმმა პირდაპირ დასვა საკითხი მოგების თალსაზრისით, დამკვიდრდა მასიურობა. პოსტმოდერნი პირდაპირ გამოხატავას სათქმელს, რომ გმირები არ არსებობენ, რომ ხელოვნება ადამიანის გამოგონილია; რეალობა მარტივად აღსაქმელი უნდა იყოს, ამის დასტურად კი გამოდგება ახალი მიმართულება პოპ არტი, რომელიც ზუსტად ითავსებდა ამ ეპოქის მახასიათებლებს. პოპ-კულტურის და მასობრიობის იდეის შემოტანის სურვილით ხელოვნება დაექვემდებარა არტ ბაზარს, პიკასოდან დაწყებული ნამუშევრის კარგად გაყიდვის ტაქტიკა საბოლოოდ პოსტმოდერნისტულ ეპოქაში სწრაფად იქცა აუცილებლობად. მაგრამ ამ პროცესს თავისი უარყოფითი შედეგებიც ახლავს თან: ხელოვნების ბიზნესად ქცევა ცვლის ხელოვნების უმთავრეს დანიშნულებას - რასაც არისტოტელე „კათარზისს“ უწოდებდა.
ამერიკელი არქიტექტურის თეორეტიკოსი ჩარლს ჯენკსი თავის ნაშრომში „რა არის პოსტმოდერნიზმი“ წერდა, რომ „პოსტმოდერნიზმი ფართოდ გარცელებული მოძრაობაა ყველა სახის ხელოვნებასა და დისციპლინაში“. დღესდღეობით კი მისდამი დამოკიდებულება ისეთია, რომ თითქოს ან უნდა უარვყოთ, ან დავეთანხმოთ. არცერთი მოსაზრება არ არის სწორი მიდგომა“. პოსტმოდერნიზმის ფილოსოფიაში ერთმანეთს უპირსპირდება ცნებები: სიცოცხლე და სიკვდილი, აბსურდი და რეალობა...
რადგან პოსტმოდერნიზმი მასიურ ხელოვნებად იქცა, იბადება კითხვა, რას გამოხატავს საერთოდ ეს ეპოქა და არის კი ხელოვნება ის დარგი, რისი საშუალებითაც არისტოტელე კათარზისის ცნებას აქტიურ მნიშვნელობას ანიჭებდა. შოპენჰაუერიც კი, რომელიც ცხოვრებას პესიმისტურად აღიქვამდა და თვლიდა, რომ ადამიანი დღემუდამ ტანჯვის მარწუხებშია მოქცეული, სამყაროში რამდენიმე გზის არსებობაზე საუბრობდა, რისი საშუალებითაც ადამიანს შედარებით შეუმსუბუქდებოდა ტანჯვა, ამ მისიას კი ოთხი კატეგორია შეასრულებდა, მათ შორის მოაზრებულია ხელოვნებაც. მიუხედავად იმისა, რომ პოსტმოდერნისტები ეწინააღმდეგებოდნენ მოდერნისტულ ხედვებს, მაინც მათი ფილოსოფიიდან საზრდობდნენ, ამას ადასტურებს ფრიდრიხ ნიცშესა და ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზი, რაც უცვლელი აღმოჩნდა არტისტებისთვის: „მინდა“ არის ხშირ შემთხვევაში შემოქმედთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა…














                    
#Georgianartfactory  #GAF  #GAFstream 
#Postmodernism

   ავტორი: სოფიო პაპინაშვილი, საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი

Comments