ყინულის და თოვლის ფესტივალი



ახალი წლის დღეები ყველასთვის სიხარულთან ასოცირდება, ადამიანები წინასწარ გეგმავენ მომავალ წელს, ქუჩები საზეიმოდ ირთვება და მსოფლიოც სხვადასხვა დროს აღნიშნავს ახალი წლის დადგომას. 1950-იანი წლებიდან არტისტებმა აქტიურად დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ ახალი წლის დღეები ხელოვნების კუთხითაც დასამახსოვრებელი და სასიხარულო გამხდარიყო.  თოვლისა და ყინულისგან ქანდაკებები გააკეთეს, სხვადასხვა სტილის, ტიპის თუ კულტურის მქონე შენობები ააგეს. ამ ყოველივემ იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ ფესტივალის ჩატარება ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.
ყინულის და თოვლის ქანდაკებების ფესტივალი იმართება ისეთ ქვეყნებში, სადაც კლიმატური პირობები უწყობს ხელს ნამუშევრის შენარჩუნებას. ფესტივალი ტარდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით: კანადაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბელგიაში, იაპონიაში, ჩინეთში, რუსეთში, შვედეთში, ნორვეგიაში და სხვა მრავალ ქვეყანაში. მასშტაბურობით გამოირჩევა 4 დიდი ფესტივალი, ჰარბინის ყინულისა და თოვლის საერთაშორისო ფესტივალი (ჩინეთში), იაპონიის საპოროს ფესტივალი, კანადის კვებეკის ზამთრის კარნავალი და ნორვეგიის სათხილამურო ფესტივალი.
ყველაზე ფართომასშტაბიანი ფესტივალია ჰარბინის, რომლისთვის მზადება იწყება დეკემბრიდან, ჭრიან ყინულებს და ამზადებენ მასალებს, ხოლო ფესტივალი იხსნება 5 იანვარს და მთელი თვე გრძელდება. ჰარბინი გამოირჩევა ყინვის მაღალი მაჩვენებლით, რის გამოც მას მკვდარ ქალაქად მოიხსენიებენ. მოქანდაკეები ყინულზე სამუშაოდ იყენებენ სპეციალურ საჭრელ ხელსაწყოებს, მრავალი სახის ხერხს. ჰარბინის ფესტივალის ისტორია 1963 წლიდან იწყება. სპეციალურად ამ სანახაობისთვის გამოყოფილია ბაღი, სადაც ფიგურები თუ ყინულის კონსტრუქციები ფერადი ნათებით ფორმდება.

იაპონიის საპოროს ფესტივალი 31 იანვრიდან 11 თებერვლამდე გრძელდება. ფესტივალისთვის გამოყოფილია ოდორის პარკი, სადაც ტრადიცია 1950-იანი წლებიდან იკიდებს ფეხს, როდესაც პირველად აღნიშნულ პარკში სტუდენტებმა დადგეს 6 ფიგურა. ყურადღება მახვილდება ნაციონალური ნიშნების გამოკვეთაზე. მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქანდაკება, რომელიც ყინულისგან გააკეთეს იყო ბეიზბოლელი ჰიდეკი მაცუს ქანდაკება. ყოველწლიურად ამ ფესტივალის ფარგლებში დაახლოებით 400-მდე ფიგურა იქმნება. 



კანადის კვებეკის ზამთრის კარნავალი 1954 წლიდან არსებობს. კარნავალის ფარგლებში ბევრი სხავდასხვა აქტივობები ხორციელდება, იდგმება თოვლის ქანდაკებები, ეწყობა დღის და ღამის მრავალფეროვანი სანახაოებები, კეთდება სასრიალოები. 2019 წელს ის გამორჩეული იყო იმით, რომ  ჯორჯ V-ის ისტორიულ სასახლეში დაიდგა 9 მეტრზე დიდი ქანდაკება, რამაც აქამდე შექმნილ ყველა ფიგურას ზომით გადააჭარბა.
თოვლისა და ყინულისგან დამზადებული ფიგურები და კონსტრუქციები დროებითია,  მაგრამ ამის მიუხედავად საზოგადოების ინტერესი მისდამი ყოველთვის მაღალია, შესაბამისად ტურისტების ნაკლებობასაც არასდროს განიცდიან.















ავტორი: სოფიო პაპინაშვილი, საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი

Comments