აქცია-პერფორმანსი თანამედროვე ურბანული სივრცის განვითარებისთვის


საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმის ორგანიზებით პროექტ „თანამედროვე ხელოვნების გალერეის“ ფარგლებში 7 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში მოეწყო აქცია-პერფორმანსი ურბანული სივრცის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. პროექტის წამყვანი ხელოვანები იყვნენ ფრანგი ანტონი ალბერტი და ქართველი ოთარ ცაგარეიშვილი, რომლებიც თითქმის 3 საათის განმავლობაში ხატავდნენ დიდ ფორმატზე ქუჩის მხატვრობისათვის (Street art) დამახასიათებელი ტექნიკით და ყველა მსურველს შეეძლო ამ პროცესზე დასწრება. პროექტი ეძღვნება ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისადმი მიძღვნილ იუბილეს, შესაბამისად შთაგონების წყარო მათთვის იყო ლეონარდო და ვინჩის მხატვრობა.
ორივე მათგანმა 2 განსხვავებული სურათი აარჩიეს და დამოუკიდებლად დაიწყეს ხატვის პროცესი. ქართველი ურბანისტი არტისტის ნამუშევრის ინსპირაციის წყარო იყო სურათი „ქალი ყარყუმით“. ოთარ ცაგარეიშვილმა გადაწყვიტა, რომ ქალბატონს ხელში ჭეროდა დათვი. ნახატი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი ტონებით. პორტრეტში არ იყო გამოსახული ნაკვთები და არც სხვა რაიმე დამახასიათებელი ნიშნები.
რაც შეეხება ფრანგი ხელოვანის ანტონი ალბერტის ნამუშევარს, ის იდეურად დატვირთული არტია. ერთ დიდ ფორმატზე მან გადმოიტანა საფრანგეთისა და საქართველოს, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნის სიახლოვე, რაც ხელოვნების ენით გამოხატა: ფორმატი 3 ჰორიზონტალურ ნაწილად დაყო და საფრანგეთის დროშის ფერებში გადაწყვიტა, ხოლო საქართველოს დროშა პორტრეტში გადმოცემული გამოსახულების მკლავზე დაიტანა. ამ ნაწარმოების ინსპირაცია გახდა „მონა ლიზა“. ფორმატის ზედა ნაწილის ლურჯ ფერებში ცა გამოსახა, მის ღრუბლებში კი ქართლის დედა. შუა ნაწილის თეთრ ფერში პორტრეტი ექცევა სრულად, ხოლო ქვედა წითელ ფერში ავტორმა პერსონაჟს ხელში დააჭერინა СССР-ის წარწერის მქონე ბასრი საგანი, რაც მან საბჭოთა ემბლემის უროსა და ნამგლის ასოციაცია დაუდო საფუძვლად. ამასთან ერთად წითელი ფერი საბჭოთა გაერთიანების სისხლიან მმართველობას უსვამს ხაზს. მხატვრის მესიჯები საზოგადოებისადმი მკაფიო და პირდაპირია, იგი თითოეულ მოქალაქეს ეუბნება, რომ მიუხედავად საბჭოთა კავშირის დიქტატორული რეჟიმისა, რომელიც საქართველოში 70 წლის განმავლობაში არსებობდა, უნდა ამაღლდეს ამ ყველაფერზე. სკაფანდრით გადმოცემული პორტრეტი წარმოადგენს ზეცის შეცნობას თუ ძიებას. „რუსეთი ყოველთვის ცდილობდა კოსმოსის ათვისებას დიდი ხნის განმავლობაში, მე კი მიმაჩნია, რომ ახლა უშუალოდ საქართველოზეა ჯერი, რომ მან დაიპყროს კოსმოსი და გყავდეთ თქვენი თავი მთვარეზე“, - ამბობს ის.  მას სურს, რომ მძიმე პოლიტიკური ფონის მიუხედავად, ხალხი ხელოვნებამ გააერთიანოს და მისთვის ხელოვნებაში მთავარი არის არა მხოლდ მოდერნისტული ფორმა, სპეციფიკა ან სტილი, არამედ ემოცია და გრძნობა.
ანტონი ალბერტი თავის ნამუშევრის იდეოლოგიასაც განმარტავს: „ნახატზე ხედავთ ქართლის დედას, რაც მიანიშნებს ქართველი ადამიანის სტუმართმოყვარეობაზე, თქვენს მებრძოლ ხასიათზე. ზოგადად, ჩემ შემოქმედებაში ხაზს ვუსვამ ადამიანს, ჰუმანურობის იდეას, ჩემი სხვა ნამუშევრები არის არსებული თემების გადამუშავება, ჩვენი ხვალინდელი დღის მოლოდინი“. იგი ასევე აღნიშნავს, რომ პროპაგანდა ყოველთვის დამღუპველია ადამიანის ცნობიერებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა იდეოლოგია დასრულდა, დღესდღეობით მაინც ხდება პროპაგანდის გაწევა არასასურველ თემებზე, ხალხი დამოკიდებული გახდა სოციალურ ქსელებზე, ადამიანები შეიცვალნენ: „მე მგონია, რომ ადამიანები უფრო მეტად უნდა ურთიერთობდნენ ერთმანეთთან, მინდა მოგიწოდოთ, რომ მიმოიხედოთ თქვენს გარშემო და იზრუნოთ ერთმანეთზე. ეს არის ჩემი გზავნილი საზოგადოებისადმი.
პერფორმანსის ღია ცის ქვეშ გამართვა მართლაც პასუხობდა სთრით არტის სპეციფიკას და სიცივის მიუხედავად ყველანი სრულად ვადევნებდით თვალს პროცესს, რომელიც საინტერესოდ იყო წარმართული. აქცია-პერფორმანსის დასასრულს ანტონი ალბერტიმ მაყურებელთა შორის გამოარჩია გოგონა, რომელსაც ნამუშევრის დასრულება სთხოვა. ამ სახით დაგეგმილი „წარმოდგენა“ ნამდვილად შედგა და სასიამოვნო იყო თბილისის ცენტრში, ერთ მყუდრო ისტორიულ ბაღში უცხოელი ხელოვანის გამოცდილების დაკვირვება, რამაც ცოტა ხნით საქართველოში არსებული პრობლემები დაგვავიწყა და ახალი სიცოცხლე შესძინა ქალაქს.












           ავტორი: სოფიო პაპინაშვილი, საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი

Comments