მთავარი ბაღი ქალაქის ცენტრში


ალექსანდრეს (ალექსანდროვის) ბაღის ისტორია იწყება 1859 წლიდან, როდესაც ტერიტორია შეიძინა მთავარმართებელმა ბარიატინსკმა, რათა იქ გაეშენებინა ბაღი, იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ იქ დარგო ხე და ბაღიც მის სახელს ატარებდა. ბაღის განაშენიანებაზე ზრუნავდა სწავლული მებაღე - შარერი. იმისათვის, რომ ბაღი მალე გაფართოებულიყო და მცენარეებს ეხარათ, მდინარე მტკვრიდან გაკეთდა წყალსაქაჩი.
თავდაპირველად აქ იმართებოდა ასპარეზობა (ყაბახი). ისტორიულ წყაროებში ბაღს შემდეგნაირად ახასიათებენ: „ალექსანდრეს ბაღი განსაკუთრებით ღარიბი ხალხის ბაღად უნდა ითვლებოდეს: მდიდრებს არა უშავთ რა, ისინი ზაფხულობით, როცა ღარიბს აქ სიცხისაგან სული სძვრება, მიდიან საზღვარგარეთ, პიატიგორსკს, ბორჯომს, კოჯორსა და სხვაგან და სტკბებიან ნეტარი ცხოვრებით“[1]. დარჩენილი მოგონებები მიუთითებს იმაზე, რომ მისი მთავარი დანიშულება იყო, ზაფხულობით ადამიანებისთვის მოსასვენებელი ადგილი შექმნილიყო. თბილისში ასევე არსებობდა ბოტანკური ბაღი და მუშტაიდი, თუმცა დიდი დატვირთვა ალექსანდრეს ბაღს ჰქონდა, რადგან ის ქალაქის ცენტრში იყო.
ბაღის სივრცე სხვადასხვა საკითხთა გადაწყვეტის ადგილი იყო: აქ იკრიბებოდნენ ბოლშევიკური მოძრაობის გულშემატკივრები, აწყობდნენ გეგმებს მენშევიკთა წინააღმდეგ, ეწყობოდა მიტინგები და გამოსვლები, სადაც ადამიანების დახვრეტის ფაქტიც მომხდარა. ერთ-ერთი ცნობილი მიტინგი გაიმართა 1917 წელს. ამის შემდგომ ბაღს ეწოდა „კომუნარების“ სახელი, რაც კომუნისტ მერძოლთა საპატივცემულოდ დაერქვა. დღესაც ეს ბაღი გამოირჩევა განსაკუთრებული მნიშვნელობით და დატვირთვით, არის მოსასვენებელი სივრცე და გაშენებულია ძეგლებით.
სწორედ ამ ბაღში 1903 წელს დაიდგა პირველი ძეგლი, რომელიც იყო ფელიქს ხოდოროვიჩის მიერ შესრულებული რუსი მწერლის, ნიკოლაი (ნიკოლოზ) გოგოლის ბიუსტი. ასევე აქ იდგა ვალენტინ თოფურიძის მიერ შესრულებული პორტრეტი ლადო კეცხოველისა და ბორის ძნელაძის მონუმენტური ფიგურა, რომელიც შეასრულა მოქანდაკე რუბენ თავაძემ და კონსტანტინე მერაბიშვილმა. ეს უკანასკნელი აღიმართა 1929 წელს. საარქივო მასალებში დაცული ფოტოები მეტ-ნაკლებდ გვიქმნის შთაბეჭდილებას ამ ძეგლების შესახებ და მაშინდელ  დამოკიდებულებას ზოგადად ქანდაკების მიმართ.

საქართველოში 1900-იანი წლები ის პერიოდია, როდესაც თბილისში მუშაობენ მოყვარული მოქანდაკეები, ზოგიერთი სასწავლებლად ოდესაში მიდის, თუმცა უსახსრობის გამო სწავლას თავს ანებებს, ასეთი იყო ალექსანდრე თარხნიშვილი, რომლის ნახაზების საშუალებით გაფორმდა თბილისში მდებარე კინოთეატრ „აპოლოს“ შენობა და ასევე რუსთაველის თეატრის ფასადი, რომ აღარაფერი ვთქვათ მის მიერ შესრულებულ მცირე ზომის სკულპტურებზე. იაკობ ნიკოლაძე ამ დროისთვის პარიზში სწავლობს, თბილისში დაბრუნების შემდგომ კი 1915 წელს ალექსანდრეს ბაღის შესასვლელში რუსთაველის პროსპექტის მხრიდან დგამს ეგნატე ნინოშვილის ძეგლს.


 მას შემდეგ ბაღში გამოჩნდა სხვა გამოჩენილ პოლიტიკოსთა გამოსახულებები, მაგალითად, გიორგი ჭანტურიას ბიუსტი, 2000-იან წლებში კი იდგმება ანატოლი სობჩაკის  გამოსახულება. ძველი პორტერეტები და მონუმენტური ძეგლები ჩამოაგდეს. საქართველოში ძეგლების ისტორია ყოველთვის ეწირება იდეოლოგიურ შეხედულებას, ხდება ძეგლების გადანაცვლება, მათ ადგილზე ახალი იდეოლოგიით დატვირთული ნამუშევრების აღმართვა და ძველების, ხშირ შემთხვევაში, სამუდამოდ გაქრობა. ქანდაკების სიყვარული აქ ნაკლებად ჩანს, რადგან მთავარი იყო მას აგიტაცია გაეწია გარკვეული ტიპის შეხედულებებისთვის, ამიტომ მასობრივი აზროვნების შექმნის კარგი საშუალება იყო არამხოლოდ ქანდაკება, არამედ, ზოგადად ხელოვნება, განსაკუთრებით კი კინო. 



საბჭოთა ხელისუფლების დასრულების მოთხოვნით და დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილით ქუჩაში გამოსულმა მოსახლეობამ ბრძოლით მოიპოვა სანუკვარი ოცნება. ცნობილი ისტორიული მოვლენების გამო ბაღს გადაერქვა სახელი და დღესდღეობით აღნიშნული ბაღი 9 აპრილის სახელობისაა.
9 აპრილის ბაღი 2 ნაწილად არის დაპროექტებული, ზედა ნაწილში, რომელიც ქვაშვეთის ეკლესიისა და საქართველოს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ქვედა ნაწილში ერთვის, გამოირჩევა თანამედროვე მოქანდაკეთა ათვისების სურვილით. უახლეს პერიოდში იქ დაემატა 3 ახალი ძეგლი: შალვა ქიქოძის, ოთარ მეღვინეთუხუცესისა და რამაზ ჩხიკვაძის.




ბაღის ქვედა ნაწილი წარმოდგენილია რამდენიმე ნამუშევრით, აქ დგას გიორგი შხვაცაბაიას მიერ შესრულებული მებრძოლი დედის მონუმენტი, გიორგი ლეონიძის მონუმენტური ფიგურა (მოქ. კ. ნახუცრიშვილი და თ. ღვინიაშვილი), რევოლუციის გმირებისადმი სამარადისო ხსოვნის საპატივცემულოდ აგებული მემორიალი და მიხაი ზიჩის სკულპტურა. 





ბაღში წარმოდგენილ ძეგლთა ზომები გათვლილია გარემოში განსათავსებლად, თუმცა უმეტეს მათგანთა მხატვრული მნიშვნელობა არ გამოირჩევა განსაკუთრებულობით და საზოგადოების ინტერესიც მათდამი თითქმის არ არსებობს. ბაღი რჩება ისევ მოსასვენებელ სივრცედ, ქანდაკებების ბაღში განთავსების კულტურა, გარემოს გათვალისწინება, საზოგადოების დაკვეთა და თანამედროვე ინტერესების გააზრება, ახალი ობიექტების შემატება  პარკების განაშენიანებაში კი დღესდღეობით კვლავინდებურად რჩება ერთ-ერთ მოუგვარებელ პრობლემად.









ფოტოები გამოყენებულია საიტებიდან: 



 ავტორი: სოფიო პაპინაშვილი საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი



[1] ჩორგოლაშვილი, მ. თბილისის ბაღების ისტორიისათვის, საქართველოს ბუნება, 1974, #2, გვ. 16.

Comments