ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონი



საქართველო XX საუკუნის დასაწყისიდან აქტიურად შეუდგა მრგვალი ქანდაკების განვითარებისთვის ბრძოლას. გამორჩეული განათლებამიღებული პიონერი კი იაკობ ნიკოლაძე იყო. თბილისში რადენიმე ადგილია, რომელსაც ქანდაკებები ამკობს და სივრცეც არქიტექტურულად არის გააზრებული. 1918 წელს გახსნილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც მათ შორისაა, რომლის ეზოს სკულპტურული განაშენიანება კარგად მიუთითებს XX საუკუნის 20-იანი წლებიდან წარმოშობილ ინტერესზე ბაღების და მწვანე სივრცეების ქანდაკებებით გადაწყვეტის მიდრეკილებასთან დაკავშირებით. პირველი ძეგლი, რომელიც უნივერსიტეტის ეზოში დაიდგა, იყო ერთ-ერთი დამფუძნებლის, პეტრე მელიქიშვილის ბიუსტი.
საქართველოში ადრეულ ეტაპზე, 1910-იან წლებშივე მონუმენტური ქანდაკების აღმართვასთან დაკავშირებით კომისია მუშაობდა, მათ შემადგენლობაში იყვნენ ცნობილი არქიტექტორები და ინჟინრები... პეტრე მელიქიშვილის ქანდაკებისთვისაც ჩატარდა კონკურსი, სადაც პროექტი წარადგინა  გიორგი სესიაშვილმაც, თუმცა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო და უნივერსიტეტის ბაღში იაკობ ნიკოლაძის მიერ შესრულებული პორტრეტი დაიდგა. მან პეტრე მელიქიშვილის რამდენიმე ფიგურა შექმნა, უნივერსიტეტის ეზოში კი დგას 1922 წელს შესრულებული ვარიანტი. იმპრესიონისტული შუქ-ჩრდილოვანი გადასვლები, საყრდენი ქვის ნაწილობრივ ხაოიანი ზედაპირით წარმოდგენა, ბიუსტის მკერდის ოთკუთხედოვანი ფორმა და მცენარეების გამოყენებით შექმნილი ორნამენტირება მისთვის დამახასიათებელი დეტალებია.

პეტრე მელიქიშვილი
პანთეონში წარმოდგენილია 19 გამორჩეული ქართველი მოღვაწის ფიგურა, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს პირველი უნივერსიტეტის დაარსებაში და სამეცნიერო სფეროს განვითარებაში. განსაკუთრებით უნდა ავღნიშნოთ ივანე ჯავახიშვილის სკულპტურა (მოქ. თენგიზ ღვინიაშვილი, ჩამოისხა რუსთავში 1952 წელს), რომელსაც შედარებით ვრცელი ტერიტორია უკავია სტქრუქტურული მოთხოვნილებებიდან გამომდინარე. ისტორიკოსი სავარძელში მჯდომარეა წარმოდგენილი, რომელიც მაღალ პოსტამენტზე დგას. თავისუფლად და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშეა გადმოცემული ქანდაკება, მას თავი ოდნავ მარჯვნივ აქვს მიბრუნებული, ხელები სავარძლის სახელურებზე დაყრდნობილი და ხელის მტევნებიც თავისუფლად ჩამოშვებული. მარცხენა ხელით გრაგნილი გადაუშლია და მუხლებზე დაუდევს. ქანდაკება სტატიკური ხელოვნებაა, თუმცა მოქანდაკის მიერ ქვაში განხორციელებული შინაგანი ენერგია, რომელიც უხილავია და რომელიც გამომეტყველებიდან უნდა ამოვიკიტხოთ,  დინამიკას ქმნის და მარად აცოცხლებს პორტრეტისტს ჩვენ წარმოდგენასა და ცნობიერებაში. ამ შემთხვევაშიც იგივე განცდა გვეუფლება.

ივანე ჯავახიშვილი





მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის ეზოს ქანდაკებები დღესაც ემატება, ემოციის უდიდესი წილი XX საუკუნის პირველ ნახევარში ტრიალებს, როდესაც იქ წარმოდგენილი პიროვნებები მოღვაწეობდნენ. ძეგლები ადამიანთა გარკვეული ნაწილისთვის მხოლოდ ქვაში გამოკვეთილ გამოსახულებებად აღიქმება, რაშიც დამსახურება მხოლოდ გაწვრთნილ ხელს მიუძღვის, მაგრამ როგორ მიუახლოვდები ფიგურას ისე, რომ არ შეგეძლოს მასთან საუბარი?! უსიტყვოდ წარმოთქმული იდეების დაჭერა, ჩვენ დაბადებამდე ადრე გარდაცვლილ გამოჩენილ ადამიანთა გაცნობა არის პორტრეტის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი. მსგავსი  შეგრძნება გვიცოცხლდება, როდესაც ამავე ეზოში ვხედავთ საქართველოში ყველაზე დაფასებულ მწერლებისა და პოეტების - იალია ჭავჭავაძსი, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას ბიუსტებს.

აკაკი წერეთელი


ილია ჭავჭავაძე


ვაჟა-ფშაველა
ეზოს მარჯვენა ნაწილში შეგხვდებათ ნიკო ცხვედაძის (2010 წ. მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაია),  ანდრია რაზმაძის (მოქ. ბიძინა ავალიშვილი), ივანე ჯავახიშვილის (მოქ. თენგიზ ღვინიაშვილი), აკაკი შანიძის (მოქ. სილოვან კაკაბაძე), დიმიტრი უზნაძის (მოქ. გიორგი ოჩიაური), პეტრე მელიქიშვილის (მოქ. იაკობ ნიკოლაძე), გიორგი ახვლედიანის (მოქ. ოთარ ფარულავა), ივანე ბერიტაშვილის (მოქ. სილოვან კაკაბაძე), კორნელი კეკელიძის (მოქ. გიორგი ოჩიაური), შალვა ნუცუბიძის (მოქ. ოთარ ფარულავა), იოსებ ყიფშიძის (მოქ. ლევან მჭედლიძე), გიორგი ჩუბინაშვილის (მოქ. კარლო ბაკურაძე), გიორგი წერეთლის (მოქ. გიორგი ოჩიაური) და ფილიპე გოგიჩაიშვილის (მოქ. ლევან სალუქვაძე) სკულპტურები. 

ნიკო ცხვედაძე

ანდრია რაზმაძე



აკაკი შანიძე


დიმიტრი უზნაძე


გიორგი ახვლედიანი


ივანე ბერიტაშვილი


კორნელი კეკელიძე


შალვა ნუცუბიძე


იოსებ ყიფშიძე


გიორგი ჩუბინაშვილი


გიორგი წერეთელი


ფილიპე გოგიჩაიშვილი

 ეზოს მარცხენა ნაწილის ბოლოში დგას ექვთიმე თაყაიშვილისა და სვიმონ კლდიაშვილის ფიგურები.  


ექვთიმე თაყაიშვილი


სვიმონ კლდიაშვილი
უნივერსიტეტის პანთეონს იდეურად აერთიანებს არწივის ფიგურა, რომელიც სიმაღლითაც გამოირჩევა და ემოციურად შემართულ, მებრძოლ ადამიანთა სიმბოლოდ აღიქმება, რომელიც ქართული საზოგადოების საამაყო წარმომადგენელთა დამცავიცაა. ფრთაშემართული არწივი წარწერით: „კოლხეთის მკერდზე გაზრდილნო“ გადმოჰყურებს პანთეონს და ერთგვარად ასრულებს კიდეც ქანდაკებათა განლაგების სიგრძივ ღერძს. არწივი სიძლიერის სიმბოლოა და ქართულ მქანდაკებლობაში მას დიდი მნიშვნელობა ენიჭებებოდა ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული. ქრისტიანულ ხანაში კი ის ეკლესიათა ფასადებს ამკობს, რომლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოსახულება ტაო-კლარჯეთიდან არის შემორჩენილი.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო ერთ-ერთი გამორჩეული მწვანე სივრცეა, სადაც ბუნებაც და ფიგურებიც ორგანიზებულია და დღემდე ინარჩუნებს მშვიდ და მყუდრო, მოწესრიგებულ იერს.

ავტორი: სოფიო პაპინაშვილი საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი

Comments