ქრისტეს შობის მნიშვნელოვანი ასპექტები ფერწერულ ტილოებში


შობას ქრისტიანული სამყარო სიხარულით აღნიშნავს, ის 12 საუფლო დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი მთავარია და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საეკლესიო მხატვრობაში, ზოგადად კი, ქრისტეს ცხოვრების ციკლის ასახვაში. „შობა“ კიდევ ორი სხვა სახელით მოიხსენიება: „მწყემსთა თაყვანისცემა“ და „მოგვთა თაყვანისცემა“. სახარება მოგვითხრობს მესიის ბეთლემში თავმდაბლურად ბაგაში დაბადების შესახებ.
სახარების თანახმად, ქრისტეს შობისას ცაზე გამოჩნდა ვარსკვლავი, ჩვილთან პატივის მისაგებად კი მივიდნენ მწყემსები და მოგვები. მათ ქრისტეს მიართვეს ძღვენი: ოქრო, როგორც მეფეთ-მეფეს, გუნდრუკი - მღვდელმთავარს, ხოლო მური (სურნელოვანი ნივთიერება) - მოკვდავს. სამივე საჩუქარი სიმბოლურია, რადგან თითოეული ქრისტეს საღვთო და ადამიანურ ბუნებაზე მიუთითებს.
იკონოგრაფია შობის სცენას ტრადიციულად პირუტყვთან და მწყემსებთან ერთად გადმოსცემს. რელიგიური მხატვრობა ყოველთვის უსვამს ხაზს ქრისტეს საღვთო ბუნებას. თანამედროვე ქართველი მხატვარი ირაკლი ფარჯიანი კი მართალია, რელიგიურ თემატიკას დიდ ადგილს უთმობს თავის შემოქმედებაში, მაგრამ იკონოგრაფიულ ტრადიციას არ მისდევს. მისი მხატვრული მანერა ბავშვურ სისუფთავეს და სიმშვიდეს ავლენს. გრაფიკაში განხორციელებული სცენა ისეთივე უბრალოა, სადა და უპრეტენზიო, როგორიც იყო ქრისტეს დაბადება და მთელი მისი ცხოვრების განვლილი გზა. მხატვარმა ჩვილი კლდის ნაპრალის სამკუთხედოვან სივრცეში მოათავსა, მის გარშემო კი სიცარიელე წარმოადგინა, რითაც ხაზი გაუსვა იესოს მარტოობას.

ირაკლი ფარჯიანი. შობა.
ერთ-ერთი გამორჩეული მხატვარი, კვატროჩენტოს დამასრულებელი სანდრო ბოტიჩელი ცნობილია დეკორატიულობით, ფანტაზიის უნარით... მან შობის სცენაში ღვთისმშბელი წარმოადგინა ჩვილით ხელში, რომელსაც მწყემსებს აჩვენებს. მხატვარი სულიწმინდის მადლს ზემოდან ჩამომავალი ოქროსფერი სხივებით გამოკვეთს. ნამუშევარი ერთ-ერთი საინტერესოა სანდრო ბოტიჩელის შემოქმედებაში, რისი საშუალებითაც მხატვრის სტილური მახასიათებლების ცვალებადობა კარგად ვლინდება. თუმცა ყველასთვის მოულოდნელად კომპოზიციაში მან საკუთარი თავი ჩასვა და სიუჟეტის მონაწილე გახადა. სანდრო ბოტიცელის თავისუფალი მიდგომა და ფერწერის სრული შეგრძნება ვლინდება მისი ავტოპორტრეტის უკან დატანილი მცენარეების ერთი ხელის მოსმით წარმოდგენაშიც.

სანდრო ბოტიჩელი. მოგვთა თაყვანისცემა. 1475-76 წწ.

სანდრო ბოტიჩელი. ავტოპორტრეტი.

ქრისტეს დაბადების შესახებ წინასწარმეტყველები საუბრობდნენ, რომ იგი იქნებოდა მესია და ის გამოიხსნიდა კაცობრიობას ცოდვის მონობისგან. ეს ამბავი მეფე ჰეროდესთვისაც იყო ცნობილი და ფიქრობდა, რომ ეს ფაქტი მას ბევრ პრობლემას შეუქმნიდა, პირველ რიგში კი მისი წარმოდგენით, ის სამეფო ტახტს დაკარგავდა.  სახარების თანახმად, ჰეროდემ ბრძანა ბეთლემში ღამით 2 წლამდე ყველა ბავშვი მოეკლათ, რომელთა შორის იესო აუცილებლად იქნებოდა. მიზანიც ეს იყო... თუმცა იოსებს სიზმრის საშუალებით ანგელოზმა განუცხადა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ; ღამით წმინდა ოჯახმა ბეთლემი დატოვა...
ბეთლემში დატრიალებულ სისასტიკეს არაერთი მხატვრული ტილო მიეძღვნა, თუმცა მათგან მინდა გამოვარჩიო ჩრდილოური რენესანსის წარმომადგენლის, ნიდერლანდელი მხატვრის პიტერ ბრეიგელის ნამუშევარი. იგი ცნობილია ე.წ. „მამხილებელი მხატვრობით“ და ეროვნული მხატვრული იდენტობის გადმოცემით. მან მთელი თავისი შემოქმედება ნიდერლანდელთა მძიმე პოლიტიკური მდგომარეობის გადმოცემას მიუძღვნა, ბეთლემელი ჩვილების დახოცვა კი მან სიმბოლურად თავის ქვეყანასთან მიმართებით წარმოადგინა.

პიტერ ბრეიგელი (უფროსი). უდანაშაულოთა ამოწყვეტა.

განსხვავებული ინტერპრეტაციებით წარმოდგენილი რელიგიური სიუჟეტები მრავალფეროვანია და მათში ჩანს ხელოვანთა ინდივიდუალური მიდგომა, რომელიც მისდევს ბიბლიურ თხრობას. ნაწარმოებთა ეს არასრული ჩამონათვალი დამსახურებულ ადგილს იკავებს ხელოვნების ისტორიაში.  



 ავტორი: სოფიო პაპინაშვილი, საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი


Comments