რუბრიკა პერსონა: მოქანდაკე კარლო გრიგოლია - ახალი ხედვის ოსტატი


კარლო გრიგოლია პირველი ხელოვანია საქართველოში, რომელიც აბსტრაქტულ ქანდაკებას თავის მთელ შემოქმედებას უძღვნის. ეს პერიოდი 50-იანი წლებით თარიღდება და იმ დროისთვის აბსტრაქტული ქანდაკების ინტერესი საქართველოში თითქმის არ არსებობდა. რაც შეეხება მხატვრობას, პოსტსტალინურ ხანაში, 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან, ფერწერაში ერთბაშად იფეთქა ახალმა მხატვრულმა პრინციპებმა, მხატვრებმა ლოკალურ ფერს მიანიჭეს უპირატესობა და სოციალისტური მხატვრობისთვის დამახასიათებელი რეალისტური პრინციპები საკუთარი შემოქმედებიდან მალევე თითქმის სრულად გააქრეს.
კარლო გრიგოლიას ბიოგრაფია რთულ სოციო-პოლიტიკურ პერიოდში მძიმე ცხოვრებისეულ და პროფესიულ ისტორიას ინახავს. თბილისის სამხატვრო აკადემიაში ნიკოლოზ კანდელაკის კლასში 1950-1956 წლებში სწავლობდა. ნიკოლოზ კანდელაკის ქანდაკების პრინციპებმა, მართალია, ღრმად გაიდგა ფესვი ქართველ სტუდენტებში, თუმცა კარლო გრიგოლია უარს ამბობდა რეალისტურ ქანდაკებაზე და თავის შემოქმედებას საფუძვლად ბერძნულ კლასიკურ პრინციპებს უდებდა, რაც საშუალებას აძლევდა მას საკუთარი ინდივიდუალიზმი შეეტანა ნამუშევრაში და არ გაემეორებინა ნატურის რეალისტური ფორმა. მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო ძერწვა, რომელიც სამომავლოდ ბრინჯაოში უნდა განხორციელებულიყო.
მას სტუდენტობა იმ დროს მოუწია (50-იანი წლები) როდესაც საბჭოთა კავშირის მაცხოვრებლები სრულ იზოლაციაში იყვნენ მოქცეულნი და არ ჰქონდათ ქვეყნიდან გასვლის შესაძლებლობა. შესაბამისად, ქართველი მხატვრები და მოქანდაკეებიც მოკლებულნი იყვნენ ევროპაში მიმდინარე სახელოვნებო პროცესებს. მიუხედავად ამისა, ე.წ. რკინის ფარდით დაფარულ ქვეყანაში ქართველი ხელოვანები მაინც შეეცადნენ ამოევსოთ ის მხატვრული ვაკუუმი, რაც საქართველოში სუფევდა. ამოევსოთ საკუთარი ნიჭის და შეგრძნებების წყალობით. რასაკვირველია, მათ შორის მოიაზრება კარლო გრიგოლია, რომელმაც აბსტრაქტული მიმართულება ქართულ გენს შეურწყა. მის მიერ შესრულებული ნამუშევრები დინამიკურია, მათში ჩანს ფორმით თამაშისადმი მიდრეკილება, ქანდაკების ზედაპირზე ჩნდება ინდივიდუალური გადასვლები, გათვლილია მასშტაბი. ძერწვის პროცესში მისთვის დიდ როლს ასრულებდა მუსიკა და იგი თავისი შემოქმედებითი ენერგიით ემყარებოდა ე.წ. დიონისურ საწყისებს. თავად თავის უმთავრეს დამსახურებად  მიიჩნევდა ქართველი ადამიანისთვის (ზოგადად ეთნოსისთვის) დამახასიათებელ გენეტიკას.
კარლო გრიგოლიამ თბილისის სამხატვრო აკადემია 1956 წელს დაამთავრა. სადიპლომო ნამუშევრად უნდა წარმოედგინა ქალის ნახევრად შიშველი სხეული, თუმცა კომისიამ ის არ მიიღო, რადგან მასში ძლიერად იყო გამოხატული ინდივიდუალიზმი, სხეული იყო უტრირებული და ექსპრესიული. დღესდღეობით, ფიგურა აღარ არის შემორჩენილი, თუმცა ფოტომასალიდან აშკარად იკითხება მოქნილობა, ნამუშევარი გამოირჩევა ემოციურობით, მოქანდაკეს გამოყენებული ჰქონდა  პოლიკლეტისეული დგომის მანერა. ექსპრესია ჩანს ხელისა და სახის მიდამოებში, ხაზგასმულია ყელის არე. ჩამოშვებული მარჯვენა ოდნავ მომუშტული ხელით მსუბუქად ეხება მუხლში მოხრილ და ქუსლით აწეულ მარჯვენა ფეხს. ქალს მარცხენა ხელი თავთან ჰქონდა წაღებული, რომლითაც თმას ისწორებდა. 





სტუდენტობის პერიოდშივე კარგად ჩანს მოქანდაკის ხედვა, გრაფიკაში ის სხეულის თითოეულ კუნთს ცოცხლად შეიგრძნობს, ფანქარში საოცარ სიმკვრივეს და მოცულობას გამოკვეთს და თავისუფალ დინამიკას წარმოაჩენს.
კარლო გრიგოლია სამხატვრო აკადემიაში მცირე დროით პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი სტუდენტებისადმი თავისუფალი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. მისი მოთხოვნა მათ მიმართ იყო ერთადერთი: ეხატათ, როგორც სურდათ, მაგრამ არ გაემეორებინათ მასწავლებლის (მისი) მანერა; ეპოვნათ საკუთარი თავი და გადმოეცათ შინაგანში არსებული სამყარო.
ის ყოველთვის კრიტიკულად აფასებდა თავის ნახელავს და უკვე ასაკოვანს უთქვამს: თუკი ვინმეს მსოფლიოში პლასტიკა შეუქმნია, მათ შორის ერთ-ერთი მე ვარ“ და ამბობდა იმასაც, რომ რაც უფრო უღრმავდება ადამიანი საკითხს, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას აწყდება. დანანებით აღნიშნავდა, რომ საკუთარი თავი ბოლომდე ვერ ამოწურა.
კარლო გრიგოლიას შემოქმედებას აღიარება ცხოვრებაში არ ჰქონია, თუმცა მას სახელოვნებო სფეროში კარგად იცნობდნენ. თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ის დათმობაზე არსად და არავისთან მიდიოდა, მას სწამდა საკუთარი პოზიციის და თვლიდა, რომ ცხოვრება პატიოსნად უნდა გაევლო და არ ეღალატა საკუთარი პრინციპებისთვის.
მის მიერ შესრულებული ერთი აბსტრაქტული ნამუშევარი 9 აპრილის სახელობის ბაღში დგას დღესაც, ხოლო მეორე მდებარეობს ბიჭვინთაში. მრავალი ფიგურა, რომელიც ჯერ კიდევ მზის შუქს ელოდება, ინახება სახელოსნოში, რომელსაც ოჯახი დიდი გულისყურით უვლის და პატრონობს.










#Georgianartfactory #GAF #GAFstream   #Karlogrigolia #Abstractsculptureingeorgia



ავტორი: სოფიო პაპინაშვილი, ქართული სამხატვრო ქარხნის კურატორი

#Karlo #Grigolia #abstract #sculpture #Georgia


Comments