კონკურსები მონუმენტური ქანდაკების დარგში

თბილისში ქანდაკებების დადგმასთან დაკავშირებით ქალაქის მერია აცხადებს კონკურსებს და შერჩეული ნამუშევრები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში იგზავნება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ძირითადი ვალდებულება დაკისრებული აქვს თბილისის მერიას, სადაც განაცხადი შედის კერძო პირებისგან და მერია საჭიროების შემთხვევაში გამოაცხადებს კონკურსს. კონკურსი თავისთავად მოიაზრებს კომპეტენტურ ჟიურის, რომელმაც უნდა შეაფასოს ძეგლების მართებულობა და მხატვრული მნიშვნელობა.
2020  წლის 16 თებერვლამდე მერიაში გამოფენილი იყო საკონკურსო ნამუშვერების ესკიზები. ამ ეტაპზე ერთდროულად მიმდინარეობს 2 თემის განხილვა ბეჰემოთის ძეგლისა და ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალთან დაკავშირებით. ქრონოლოგიური ჩარჩოს გათვალისწინებით საუბარი დავიწყოთ პირველ საკითხზე: 2015 წელს გაიჟღერა იდეამ, რომ თბილისში უნდა დაიდგას ბეჰემოთ „ბეგის“ ძეგლი, რაც ყველასთვის ცნობილია რასთან არის დაკავშირებული. 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის მომდევნო დღეებში თბილისის ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ზოოპარკიდან გამოქცეული „ბეგი“ მშვიდობიანად დადიოდა ქუჩებში, ის „ივნისის ტრაგედიის“ სიმბოლოდ აქციეს და რატომღაც მოინდომეს გმირთა მოედნის მიმდებარედ (იქ, სადაც გმირთა მემორიალები დგას) ამ ძეგლის განთავსება. საკითხმა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია საზოგადოებაში, ნაწილი მიიჩნევდა, რომ მსგავსი ძეგლი საერთოდ არ უნდა დადგმულიყო, ზოგიერთი კი კონკურსის ამ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილად თვლიდა. საკონკურსო ნამუშევრები 2018 წელს გამოიფინა მერიაში, თუმცა კონკურსი ჩავარდა, რადგან ჟიურიმ ნამუშევრები დაიწუნა. 16 თებერვალს კი ხელახალი გამოფენა მოეწყო ავტორთა მიერ შეცვლილი ესკიზებით.
კონკურსის ფარგლებში გამოფენილი ნამუშევრების ნახვა ყველასთვის თავისუფალია, თუმცა სამწუხარო ფაქტია მაინც ის, რომ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილისთვის არის აღნიშნული ღონისძიების ჩატარების თარიღები ცნობილი, რაც დიდი ხანია უკვე გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ნამუშევრების და ექსპოზიციის „სისწორეზე“ ქვემოთ იქნება ყურადღება გამახვილებული. ახლა კი რაც შეეხება მეორე კონკურსს, ასევე მიმდინარეობს ნამუშევრების შერჩევა „ოკუპაციის შეწირულ გმირთა ხსოვნის მემორიალთან“ დაკავშირებით. ეს ზოგადი და ბუნდოვანი სათაური მოქანდაკეებისთვისაც ერთგვარი გამოცანაა, შესაბამისად, ყველა საკუთარ ჩანაფიქრს თავისებურად ასხამს ხორცს, საბოლოოდ კი ქალაქში კიდევ ერთ გაურკვეველ სკულპტურას მივიღებთ (ასეთები ხომ სამწუხაროდ ძალიან მომრავლდა).
წარმოდგენილი კონკურსების შემთხვევაში, ერთი მხრივ, სუბიექტური შეფასებით, პრობლემა დგას იდეის არასწორად გაჟღერებასა და სკულპტურებისთვის გამოყოფილი ტერიტორიების არამართებულობაში. მიუხედავად იმისა, რომ მერია არ ეკითხება საზოგადოებას აზრს, უნდა თუ არა მას კონკრეტული ძეგლების ხილვა ქალაქში, უკიდურესობა ის არის, რომ კონკურსიც ვერ მიჰყავს ბოლომდე. თითქმის 2 წელი სრულდება და ბეჰემოთის ძეგლი ჯერ კიდევ არ არის შერჩეული და ადგილიც არ არის დაზუსტებული.
გამოფენის მოწყობამდე ჟიურის ჯერ არ უმსჯელია საკითხზე და გამოფენაც მათგან დამოუკიდებლად შედგა (შეგახსენებთ, რომ მერიაში მუშაობს ორი კომისია, რომელთა კომპეტენციაში შედის ძეგლის მართებულობის განსაზღვრა და შემდგომში ტექნიკური და მხატვრული იერსახის შეფასება). საინტერესო კი ისაა, რომ თუ მერიას ჰყავს საკონკურსო ჟიური, რატომ არ მოიწვიეს მისი წარმომადგენლები მანამდე, სანამ ექსპოზიციას მოაწყობდნენ. ეს ზედაპირული დამოკიდებულება წარმოაჩენს იმას, რომ ქვეყნისთვის ქანდაკება, რომელიც დღეს ისედაც უმძიმეს მდგომარეობაშია, არ არის პრიორიტეტული. მათ ქალაქში განთავსებას დეკორაციასავით უყურებენ, ფაქტია, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვისაც ეს საკითხი ნაკლებად საინტერესოა. 
ექსპოზიცია პროფესიული თვალსაზრისით ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. საკონკურსო ესკიზების გამოსაფენად მერიას განსაზღვრული აქვს მეორე სართულის ფოიე, სადაც არც სპეციალური განათებაა მოწყობილი და სივრცეც არ იძლევა ნამუშვერების სწორად განთავსების შესაძლებლობას. ქანდაკების სადგამების ზომა და სიმაღლე შეუთავსებელია გამოფენისთვის, ფიგურები არ დგას მაყურებლის თვალის სისწორეზე, რომ სწორად აღიქმებოდეს ძეგლი ყველა მხრიდან. ნამუშევრებთან ერთად არ არის დატანილი მცირეოდენი ტექსტუალური ინფორმაციაც კი, ხოლო პლანშეტებზე წარმოდგენილი ძეგლის შესაძლო ადგილი და გარემოში წარმოდგენის კომპიუტერული დამუშავებაც იატაკზე მდგარ ტუმბოებზეა მიყუდებული. ეს ყოველივე წამგებიანად მოქმედებს  თითოელი ესკიზისთვის. სასურველია, რომ ორგანიზატორებს ჰქონდეთ საკონკურსო მზაობა და ალტერნატიულ სივრცეზე იფიქრონ, ექსპოზიცია მოაწყონ საგამოფენო სივრცეში, სადაც ამისთვის ყველანაირი ტექნიკური აღჭურვილობა არსებობს. დღეის მდგომარეობით ზემოთ აღნიშნული საკითხები მწვავედ დგას და საჭიროებს პროფესიონალურად ორგანიზებულ კურატორობას.































ავტორი სოფიო პაპინაშვილი, საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი

Comments