ზაქარია ფალიაშვილის ძეგლის კონკურსი


საქართველოში ძეგლების დადგმასთან დაკავშირებით პირველად კომისია 1900-იანი წლების დასაწყისში შეიკრიბა იმისთვის, რომ თბილისში ილია ჭავჭავაძის საფლავზე აღემართათ მონუმენტი. მას შემდეგ კონკურსების ჩატარება ტრადიციად ჩამოყალიბდა. 1920-იანი წლების სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას მსგავს კონკურსებში. XX საუკუნის პირველ ნახევარში და შემდგომაც, გავრცელებული იყო პორტრეტის ჟანრი, დიდი რუდუნებით დგამდნენ ცხენოსან მეფეთა ძეგლებს და მონუმენტებით პატივს მიაგებდნენ დამსახურებულ ხელოვანებს, არტისტებს.
საინტერესო ფაქტია, რომ 1938 წლის 10 ნოემბერს, ხელოვნების საქმეთა სამმართველოს ინიციატივით გადაწყდა ჩატარებულიყო კონკურსი, რომლის ფარგლებშიც ჟიურის უნდა აერჩია საუკეთესო ნამუშევარი, რომელიც ყველაზე კარგად განასახიერებდა ზაქარია ფალიაშვილის პორტრეტს. კონკურსი დახურული წესით მიმდინარეობდა. ჟიურიში შედიოდნენ იმ დროისთვის ცნობილი ხელოვანები, რეჟისორები, მსახიობები, მხატვრები. მათ შორის იყვნენ ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, ალექსანდრე წუწუნავა, აკაკი ხორავა, შალვა დადიანი და გრიგოლ კილაძე. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს იაკობ ნიკოლაძემ, რუბენ თავაძემ, კონსტანტინე მერაბიშვილმა, ნიკოლოზ კანდელაკმა, ხოლო ხელშეკრულების გარეშე ესკიზები წარადგინეს მოქანდაკეებმა ქუთელიამ და ხოფერიამ.
წარმოდგენილი ესკიზების განხილვის შემდეგ ჟიურიმ დაადგინა, რომ არცერთი ნამუშევარი არ გადმოსცემდა სწორად კომპოზიტორის პორტრეტს, თუმცა ყველასგან გამოარჩიეს რუბენ თავაძის ნამუშევარი. სამწუხაროდ, ფოტო-მასალა არ არის ამ საარქივო მასალაში შემორჩენილი, მაგრამ აღწერებით და ჟიურის მიერ წარმოდგენილი შესწორებებით დგინდება, რომ ზაქარია ფალიაშვილის გამოსახულება მხატვრულად გადაწყვეტილ სავარძელში უნდა მჯდარიყო, მომღერალი ქალის გამოსახულება კი ჰორელიეფის სახით უნდა დართვოდა ძეგლს (თუმცა დაუდგენელია როგორ უნდა ყოფილიყო კონკრეტულად ჰორელიეფი განთავსებული). ქალი უნდა ყოფილიყო „ტანწვრილი, ჩონგურით ხელში ქართულ ტანსაცმელში“[1]. ძეგლის ადგილად განისაზღვრა ოპერისა და ბალეტის თეატრის მარჯვენა ნაწილის ეზოს შუა სივრცე, სახით რუსთაველის გამზირისაკენ მიმართული.
კონკურსი რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა, მოქანდაკისათვის მიცემული რჩევების შემდეგ, მან 1939 წლის 15 მარტს წარმოადგინა შესწორებული ვარიანტი და ამის შემდეგაც ჟიურიმ გადაწყვიტა, რომ მოიხსნას ქალის ფიგურა სრულად და ორ გვერდზე გაკეთდეს ბარელიეფები: ერთ გვერდზე აბესალომ და ეთერის გამომსახველი სიუჟეტი, ხოლო, მეორე გვერდზე, ხალხური შემოქმედების თემის სიუჟეტი ქალის სახით. წინა მხარეს კი გაკეთდეს მუსიკალური შემოქმედების სიმბოლო და ჩუქურთმები. ძეგლისთვის მოქანდაკეს უნდა გამოეყენებინა ბრინჯაო და პედესტალი ერთფეროვანი ქვის მასალისგან დაემზადებინა. ამავე ოქმიდან ირკვევა, რომ ამ შესწორებული ვარინტის შემდგომ მოქანდაკესთან დაიდებოდა ხელშეკრულება. მისი ჰონორარი განისაზღვრებოდა 6 000 მანეთით მიღებული ავანსის 2 500 მანეთის ჩათვლით.
1939 წლის 29 ივნისს შედგა საბოლოო სხდომა, სადაც რუბენ თავაძემ წარმოადგინა ძეგლი და კომისიამ გადაწყვიტა, რომ „ფიგურის მდგომარეობა მისაღებია, ავტორს შეუძლია არსებულ მდგომარეობაში განაგრძოს მუშაობა შესწორებების გარეშე დამუშავების მიზნით, ზაქარია ფალიაშვილის პორტრეტში მონახული იქნეს მეტი მგზნებარება და სიღრმე“[2]. ამ ოქმით სრულდება კომისიის მუშაობა, რასაც თან ერთვის ავტორის (რუბენ თავაძის) გამარტებითი ბარათი, სადაც საუბრობს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ. ამ ყოველაფრის შემდეგ, გავა წლები და რუბენ თავაძის ეს ნამუშევარი თბილისში არ დაიდგმება. ძეგლზე მუშაობას ხელი შეუშალა მეორე მსოფლიო ომმა, რომელიც ამ კომისიის ჩატარებიდან 2 თვეში დაიწყო, რუბენ თავაძე ომში 1941 წელს 38 წლის ასაკში დაიღუპა.


ავტორი: სოფო პაპინაშვილი

ფოტო მოძიებულია საიტიდან: https://www.thinglink.com/scene/733615564429197312



[1] საქართველოს სსრ ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფონდი 2, საქმე 312, ოქმი #3
[2] საქართველოს სსრ ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფონდი 2, საქმე 312, ოქმი #6

Comments