პიეტა


ქრისტეს ჯვრიდან გარდამოხსნა და მარიამის მიერ მისი დატირება ყველაზე მძიმე რიტუალია ქრისტიანულ  საეკლესიო ცხოვრებაში. ქალი, როგორც დედა, დასტირის შვილს და მის უდიდეს ტკივილს კაცობრიობა განსაკუთრებული მგრძნობელობით აღიქვამს. ვნების შვიდეულად წოდებულ მთელ კვირაში გაცხადდა ყველა ის საიდუმლო, რაზეც მაცხოვარი მოწაფეებს ესაუბრებოდა.  სწორედ ამ კვირაში მოხდა მისი ჯვარზე გაკვრა, გარდამოხსნაც, და სიმბოლურად, კვირის დასასრულს აღდგომა, რაც ქრისტიანისთვის ტანჯვისმიერი ცხოვრების დასასრული და ახალი სიცოცხლის დასაწყისია.
დღევანდელი სტატია დატირების მძიმე პროცესის მხატვრულად გააზრებულ ნამუშევრებს ეძღვნება. ამ თემაზე სხვა რა გაგვახსენდება, თუ არა მიქელანჯელოს „პიეტა“, რომელიც ერთდროულად გადმოსცემს როგორც ტკივილს, ისე წარმოუდგენელ სიმშვიდეს. ამ ქანდაკების ხილვისას ადამიანში ორი განსხვავებული გრძნობა ჩნდება, საბლოოდ კი მაყურებელი ინუსხება ღვთისმშობლის საოცრად ლამაზი და სპეტაკი სახის ხილვით. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი აღორძინების მხატვრული პრინციპები ოქროს შუალედს ემყარებოდა და დადგენილი კანობები მოქმედებდა ხელოვნებაში, მიქელანჯელო თავიდანვე გამოირჩეოდა ნამუშევრებში საპირისპირო ელემენტების შეტანით ისე, რომ მთლიანობაში ძეგლი აღორძინების სტილს ზუსტად მიჰყვებოდა. ამ შემთხვევეაშიც  იგივე ხდება: მარიამის თავის ზომა არღვევს პროპორციას, თუმცა არ არის გადამეტებული. სწორედ ეს არის მასში ვირტუოზული. კონსტრუქცია სამკუთხედისებურად არის აგებული, მარიამს კი შვილი კალთაზე ჰყავს გადაწვენილი. ამგვარი შთამბეჭდავი ძეგლი „მშვიდად მგლოვიარე“ დედისა, არცერთ დროს არ შექმნილა და, მით უფრო, ასე თანაბრად არ ყოფილა შეზავებული მასში მთელი სამყაროს ცოდნა და ძნელად მოიპოვება რწმენისა და ხელოვნების ასეთი საუცხოო სინთეზი. მიქელანჯელო ძეგლზე მუშაობის დაწყებამდე ამბობდა, რომ მასზე ლამაზი მონუმენტი მსოფლიოში არ იარსებებდა და, ფაქტობრივად, დადებული პირობა შეასრულა კიდეც. ძეგლზე მუშაობა 23 წლის ასაკში დაიწყო და შეძლო დედა-შვილის სულიერი, ადამიანური და ღვთიური უწყვეტი კავშირი სრულყოფილად გაეაზრებინა და ამ სახით წარმოედგინა. ამის მიუხედავად ეს თემა მისთვის მაინც დაუსრულებელი იყო და თავისი შემოქმედებითი მუშაობის განმავლობაში კიდევ 3 ქანდაკება მიუძღვნა ამ მისტიკას. ყველა მათგანი გამოირჩევა განსხვავებული გადაწყვეტით და ყველასთვის კარგად ცნობილი ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარი პიეტა რონდანინი „ნონფინიტოა“, რაშიც კიდევ ერთხელ გამოვლინდა მიქელანჯელოს, როგორც მუდმივ ძიებაში მყოფი შემოქმედის, მარადიული სიყვარული ხელოვნებისადმი და საზღვრების მოშლის დაცხრომელი ჟინი.

მიქელანჯელო ბუონაროტი. „პიეტა“. 1498-1499

მას შემდეგ ამ თემის მრავალი ვარიაცია შეიქმნა, რომელთა შემთხვევაშიც ინსპირაცია შეუცვლელად მიქელანჯელოს „პიეტა“ იყო. თითოეული ნამუშევარი ხშირ შემთხვევაში იმეორებს მიქელანჯელოს მიერ ქანდაკებისათვის მიგნებულ პოზას, ფიგურების განლაგებას, თუმცა იდეურად დატვირთული ძეგლები სხვადასხვა ემოციით მოდის ჩვენამდე. ქანდაკებათა უამრავი ნიმუშიდან ალბათ უნდა გამოირჩეს რამდენიმე მათგანი, მაგალითად ანა ქრომის „ცნობიერების მოსასხამი“ (იგივე „პიეტა“) და ე.წ. „ამერიკული პიეტა“.  ორივე მათგანს ერთმანეთისგან განსხვავებული სათქმელი აქვს, თუმცა საერთო ის არის, რომ  დედა გმირია, რომელიც გლოვობს საკუთარი შვილის გარდაცვალებას, რომელთა სიცოცხლე კაცობრიობის გადარჩენას შეეწირა.

ანა ქრომი. „ცნოიერების მოსასხამი“ (პიეტა). 1999

ჯეიმს მური. „ამერიკული პიეტა“. 2010





ავტორი: საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი სოფო პაპინაშვილი


#MIchelangelo #Pieta #American Pieta  #Anna Crome

Comments