თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ინიციატივით გამართული შეხვედრის შესახებ

საქართველოს სამხატვრო ქარხანაში თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ხელმძღვანელობით შედგა შეხვედრა ქართველ მოქანდაკეებს შორის. შეხვედრის მიზანი იყო განეხილათ თანამედროვე მონუმენტური თუ დაზგური ქანდაკების დღევანდელი მდგომარეობა, გამოეკვეთათ სამუშაო სპეციფიკა და მიეკვლიათ იმ პრობლემებისთვის, რაც ნამდვილად არის ქვეყანაში. მრავალი დაბრკოლების მიზეზი უმეტეს შემთხვევაში არის  საზოგადოების და სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების მხრიდან არაპროფესიონალური დამოკიდებულება ქანდაკების მიმართ, მისი მნიშვნელოვანების დამცრობა, რაც შემდგომში უპირობოდ ნეგატიურად ისახება ქანდაკების, როგორც ვიზუალურ-სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ფიგურატიული დარგის (რომლის ისტორიაც ჩვენ ქვეყანაში არ ითვლის მრავალ წელს, ის, საუკეთესო შემთხევაში, საუკუნე ნახევრისაა) განვითარებაზე.

დამსწრე აუდიტორიას შორის გამოითქვა არაერთი მოსაზრება, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის აღმოფხვრა გუნდური მუშაობის პირობებში. ასოციაცია მოქანდაკეებს სთავაზობს ერთი იდეის გარშემო გაერთიანებას, ის დარგის  პროგრესულობისთვის გამოთქვამს მზაობას, რომელსაც თავისთავად სჭირდება მოქმედი მოქანდაკეების მხრიდან ინტერესი და სურვილი შეუერთდნენ მარავლწლიან მძიმე შრომას, რაც მომავალში კარგი შედეგების მომტანი იქნება.

რაც შეეხება თბილისის მერიის მხრიდან გამოცხადებულ კონკურსებს ქანდაკების დარგში, სრულიად გაურკვევლად ჩამოყალიბებული მოთხოვნების გამო (რაც უკუპროპორციულად არის, ძირითად შემთხვევაში, დაკავშირებული მაღალხატვრული ნამუშევრების შექმნასთან) მოქანდაკეებს უჭირთ შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით მუშაობა, რადგან ის არ არის მიმართული საუკეთესო, მართლაც ისეთი უმნიშნელოვანესი ქანდაკების შექმნისაკენ, რომელიც ისტორიას დარჩება. ჩვენ არაერთი ძეგლი გვინახავს, რომელიც ახლო წარსულში შეიქმნა და აღიმართა პირადი მოთხოვნილებების საფუძველზე და სამწუხაროდ, არცერთ შემთხვევაში საეტაპო ფიგურასთან არ გვაქვს საქმე, არამედ ისინი რჩებიან ძეგლებად, რომლებიც საზოგადოებაში საქილიკო თემად იქცევა.

ცალკე საფიქრალია, თუ რა სურს საზოგადოებას. ადამიანის ვიზუალური აღქმა, უმეტეს შემთხვევაში, რეალიზმისკენაა მიმართული. თუმცა თანამედროვე ტენდენციებმა აჩვენა, რომ ადამიანს სჭირდება თანამონაწილეობის განცდა,. რეალისტურად განხორციელებული ნამუშევარი მათში ერთჯერადად არის საინტერესო, რადგან თანამედროვე ადამიანი სიახლეებისკენ ისწრაფვის.  საზოგადოების გარკვეული კატეგორია სვამს შემდეგ კითხვას: საერთოდ რატომ უნდა დაიდგას გარემოში ძეგლი, ან რისთვის არის ის საჭირო (გარემო თითქოს მხოლოდ არქიტექტურა იყოს)? პირველ რიგში ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ თუკი გარემოში ქანდაკება არ დაიდგება, ეს ტენდენცია საბოლოოდ დაასრულებს მონუმენტური ქანდაკების დარგს და ხელს შეუწყობს მის სრულად გაქრობას. ამას გარდა, ქანდაკებას აქვს ერთი საინტერესო თვისება, ის კრავს სივრცეს, კარგად გაკეთებული ძეგლი კონკრეტულ, სწორად შერჩეულ ადგილზე დომინანტი ხდება, გარემო მხატვრულად აღიქმება, ქანდაკება თავის ენერგეტიკას აფრქვევს და მუდმივობის შეგრძნებას ტოვებს... 


ავტორი: საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი სოფო პაპინაშვილი

Comments