შოთა რუსთაველის ძეგლი სოფელ ჯგალში

     

     საქართველოში ბევრია ისეთი ძეგლი, რომელიც დაიდგა, მაგრამ დღემდე ინფორმაციამ სრულყოფილად ვერ მოაღწია, არ ვიცით მათი ავტორი, არც თარიღი და არც მისი არსებობის შესახებ გაგვიგია, თუ შემთხვევით სადმე უცებ არ „გადავაწყდით“. ძეგლების შესახებ იციან ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, თუმცა მათ მნიშვნელობაზე, ცხადია, პროფესიონალურად ვერ იფიქრებენ. შესაბამისად, ძეგლები ნადგურდება...

     სწორედ ასეთ ერთ-ერთ ძეგლზე უნდა შევაჩერო ყურადღება და ვისაუბრო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში არსებულ შოთა რუსთაველის მომუმენტური ძეგლის შესახებ. არაერთმა მცდელობამ, დამედგინა ავტორი, საბოლოო შედეგი მაინც ვერ გამოიღო, ვეძებდი კატალოგებში, ვესაუბრე რამდენიმე კომპეტენტურ პირსაც და მათი საშუალებით შევიტყვე მნიშვნელოვანი დეტალები. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგი ინახავს ძველი ჟურნალ-გაზეთების სახელებს და სტატიათა სახელწოდებებს. შედეგად, მივაკვლიე გაზეთს „ლიტერატურული საქართველო“, სადაც შემდეგი სათაურით - „მათი მისამართია: წალენჯიხა, ჯგალი, რუსთაველი“ გამოქვეყნებულია სტატია და თარიღდება 1966 წლით. ამ პუბლიკაციაში საუბარია სოფელ ჯგალის მიღწევებზე და იქვე ნახსენებია შოთა რუსთაველის ძეგლიც, თუმცა ავტორის და თარიღის მითითების გარეშე. ამ სტატიის საშუალებით დგინდება, რომ ძეგლი 1950-იან წლებს უნდა მიეკუთვნებოდეს. წალენჯიხის მოსახლეობის ინფორმაციითაც ძეგლი აუგიათ 1955-56 წლებში, თუმცა ზუსტ დროს ვერ იხსენებენ და ავტორის შესახებაც ვერაფერს ამბობენ.

დღესდღეობით, ეს ძეგლი მძიმე მდგომარეობაშია და რესტავრაცია სჭირდება. ის ცემენტშია განხორციელებული და ნელ-ნელა ნაწილებად იშლება. ჯერჯერობით შენარჩუნებული აქვს სახასიათო დეტალები, ძირითადად დაზიანებულია პოსტამენტი, ეს ყოველივე კი აღდგენას ექვემდებარება.

რაც შეეხება საქართველოში შოთა რუსთაველის გამოქანდაკებისადმი ინტერესს, ის XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩნდება. ასეთი პირველი ნამუშევარი სერაფიმე პოლოლიკაშვილს ეკუთვნის, ასევე იერუსალიმის ტაძრის მოხატულობის კალკის მიხედვით შეასრულა მისი მცირე ზომის ფიგურა ალექსანდრე თარხნიშვილმაც. XX საუკუნის დასაწყისიდან იაკობ ნიკოლაძემ არაერთხელ შექმნა რუსთაველის პორტრეტი. 1927 წელს გამოცხადდა პირველი კონკურსი შოთა რუსთაველის ძეგლისათვის, ის უნდა დაედგათ თბილისში. კონკურსში გაიმარჯვა კონსტანტინე მერაბიშვილმა და დღემდე მისი შესრულებული ძეგლი რუსთაველის მოედანზე დგას. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესასავლელსაც ამშვენებს ქართველი პოეტის მონუმენტური ფიგურა (მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი). საქართველოს გარდა (ძეგლები დგას რუსთავში, ახალციხეში) რუსთაველის ძეგლი დგას მოსკოვში, ხოლო იაკობ ნიკოლაძის მიერ შესრულებული ბიუსტი - იტალიაში, ვილა ბორჯეზეს მოედანზე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში აღმართულ ფრონტალურ და სტატიკურ ძეგლს სიმკაცრის იერი დაჰკრავს. დრაპირებული მოსასხამი მარცხენა მკლავზე რბილად ეფინება, სამოსი კი დრაპირების გარეშეა წარმოდგენილი, მხოლოდ წელზე შემორტყმული მცირედად დეკორატიული სარტყელის მეშვეობით ოდნავ ნაკეცებს იკეთებს. ხელში გრაგნილი უჭირავს, რომელიც ასევე რბილად არის დამუშავებული. სამოსის ქვედა ნაწილი საკმაოდ არის დაზიანებული, თუმცა დეკორისადმი ინეტრესი მისი ავტორის მხრიდან აშკარად იკვეთება. როგორც ყოველთვის, რუსთაველის გამოსახულების შექმნისას ავტორები იმეორებენ ქუდის ფორმას, ამ შემთხვევაში კი ქუდს არ აქვს მკვეთრი წაწვეტებული ფორმა.

1950-იანი წლებში ქართული ხელოვნება ეძებდა ახალ ფორმას, ცდილობდა თავი დაეღწია გაბატონებული  სტილისგან, თუმცა ეს სწრაფად და თავისუფლად არ მომხდარა. ამ დროიდან ქანდაკებაში ჩნდება დეკორის ჩართვის სურვილი, ამ შემთხვევაშიც ასეა, თუმცა აქ დეკორი მსუბუქი და თითქმის შეუმჩნეველია. რაც შეეხება  მართკუთხა ფორმის მაღალ პოსტამენტს, წინა მხარეს ჩამოშლილი აქვს ნაწილები (სავარაუდოა, რომ აქ მსუბუქი ორნამენტი ყოფილიყო დატანილი), მაგრამ არსებული სურათი აჩვენებს, რომ ავტორს გაუთვლია ზომები და კვარცხლბეკის მხატვრულ იერზეც უმუშავია.



ავტორი: სოფო პაპინაშვილი საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი


https://www.facebook.com/samegreloregiongeorgia/photos/gm.390941604722424/1668682686500107/

https://www.timer.ge/rusthavelis-dzegli-jgalshi-savalalo-mdgomareobashia/?fbclid=IwAR1V4LnP9iI0SCzXT8kw_7NGzraTigBN_Pr_LRbORLsZJc7HqGAKcAa5TjM


Comments