ქართველი ხელოვანები პროფესიული გადარჩენის გზაზე

 

XX საუკუნე ქართული ხელოვნებისთვის მრავალფეროვანი სიახლეებით იყო დატვირთული, კულტურული პროცესები ბუნებრივად მიმდინარეობდა და ის ევროპული ხელოვნების მხატვრულობასთან თანდათანობით დიდ სიახლოვეს იჩენდა. მეოცე საუკუნის 10-იანი წლებიდან მოყოლებული ქართველ ხელოვანთა მხრიდან საზღვარგარეთ სწავლის მიღებისა და პრაქტიკული გამოცდილების სურვილი უფროდაუფრო იმატებდა, ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში კი მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე საიმედო საყრდენი იყო. ის და მისი ორგანიზაცია „ქართველ ხელოვანთა საზოგადოება“ მხატვრებს სწავლის დაფინანსების მოპოვებაში სახელმწიფოსთან შუამდგომლობდა. 1920-იანი წლების შუა ხანებიდან მათ სხვა საქართველოში ცხოვრება მოუწიათ, პროფესიულ წინსვლაში დიდ დაბრკოლებად იქცა საბჭოთა კავშირის ჩაკეტილი საზღვრები, ხელოვნებისთვის თავისუფალი გარემოს და არჩევანის შეზღუდვა. პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ერთადერთი შესაძლებლობა საბჭოთა ქვეყნებში გამგზავრება იყო, ისიც ნებართვისა და ოფიციალური შუამდგომლობის შემთხვევაში. ამ ყოველივემ ქართულ ხელოვნებაზე ცუდი გავლენა იქონია.

ხელოვანისთვის საკუთარი შემოქმედების განვითარებაზე ზრუნვას ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ისინი მუდმივად ცდილობენ სიახლეების გაზიარებას, საკუთარი შრომით საუკეთესო პირობების შექმნას, მატერიალურ მდგრადობას, ამიტომ, ხშირად საკუთარ ქვეყანაში არარეალიზებულობის განცდით, ისინი სხვა ქვეყანაში აგრძელებენ ბრძოლას პირადი თუ პროფესიული ცხოვრების ჩამოყალიბებისთვის. თანამედროვე პერიოდშიც ბევრი ქართველი ხელოვანი ცხოვრობს და მოღვაწეობს საკუთარი ქვეყნისგან მოშორებით. ზოგიერთი მათგანისთვის, შესაძლოა, საქართველოს საზღვრების მიღმა ახალი პერსპექტივები დაისახოს და სრულიად შეიცვალოს კიდეც პროფესია, თუმცა მათ შორის არიან არტისტები, რომელთაც ახალ გარემოში უნდა შეძლონ საკუთარი შემოქმედებითი გზის.

ასეთი პატარა ქვეყნისთვის, საქართველოსთვის თითოეული მათგანის გამოცდილების და შეძენილი ცოდნის გაზიარება სასურველი და აუცილებელიც კია აქ დარჩენილ ხელოვანთათვის, საბოლოოდ ეს ქვეყნის კულტურის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. 1980-90-იანი წლები ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო ხელოვნებისთვის და, შესაბამისად,  საზღვრების გახსნის შემდეგ უცხოეთში მათი გადინება მოხდა. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაციული ვაკუუმი, ფაქტობრივად, აღმოფხვრილია, ახალგაზრდა თაობას, და ყველა მსურველსაც, სხვადასხვა საჭირო რესურსისადმი თავისუფალი წვდომა აქვთ. ისინი საკუთარი სახსრებით და შესალებლობით ცდილობენ ცოდნის რეალიზებას.

ქანდაკება განსაკუთრებით საჭიროებს ყველა კომპეტენტური და გამოცდილი ხელოვანის მხრიდან მხარდაჭერას, გარემო კი - ღირსეულ ძეგლს. დარგის განვითარების საქმეში ჩართულობის მზაობის გამოხატვაც და შემდეგში მცდელობა, შედეგს აუცილებლად მოიტანს. გავიხსენოთ ქართველი მოქანდაკეები, სერაფიმე პოლოლიკაშვილი, ალექსანდრე თარხნიშვილი, იაკობ ნიკოლაძე, გიორგი სესიაშილი, ნიკოლოზ კანდელაკი... - ყველა მათგანი XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში გაემგზავრა უცხოეთში პროფესიის შესაძენად, იაკობ ნიკოლაძემ და ნიკოლოზ კანდელაკმა კი ქართული ქანდაკება, როგორც დარგი, დაამკვიდრა და მათი მხატვრული სტილისტიკით დღესაც თაობები იზრდება.


ავტორი: სოფო პაპინაშვილი საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი

Comments