მიმდინარე წლის პირველი გამოფენა ქანდაკების დარგში

 


ქანდაკება სახვითი ხელოვნების მივიწყებული დარგია, გამოფენებიც თითქმის არ იმართება. წინა წლების გამოფენათა აღწერებისას ქანდაკებები ერთეულ შემთხვევებში იყო გამოფენილი. სამწუხაროა, რომ ქანდაკებას ყველა გვერდს უვლის, რაც შესაძლოა მისი სპეციფიკურობიდან გამომდინარეობდეს. ასეთ სიტუაციაში ყველაზე მეტად ამ სფეროს სჭირდება ხელშეწყობა, დაფინანსება, აქტიური და ფართო სივრცე. თუმცა მიუხედავად ბევრი პრობლემისა, რაც ქართულ ქანდაკებაში არსებობს, წლევანდელი წელი საინტერესოდ და იმედიანად დაიწყო: თბილისში, ელენე ახვლედიანის სახელობის სურათების გალერეაში გამართულ გამოფენაზე, 8 მარტს შეიკრიბნენ მოქანდაკეები და არქიტექტორები ექსპოზიციის დასათვალიერებლად და საკუთარი აზრის გამოსახატად. ყველა მათგანმა აღნიშნა გამოფენის სუსტი და ძლიერი მხარე, რომ კონტექსტი გათვალისწინებულია. არასათანადო განათება ერთ-ერთი სამომავლოდ გასათვალისწინებელი ტექნიკური მხარეა, თუმცა, ამ ეტაპზე, გალერეაში ნამუშევრების განთავსება მნიშვნელობას მატებს საკონკურსო ესკიზებს და შესაძლებელი ხდება სხვადასხვა ასპექტით, რაკურსის, სივრცულობის თუ სხვა გარემო პირობების მიხედვით მათი განხილვა.

გარდა იმისა, რომ გამოფენა გაიმართა და საზოგადოებისთვისაც ღიაა სივრცე, პირველად მოხდა, რომ მერიის გამოცხადებული კონკურსის მოწყობაში ჩაერთო „თბილისის სკულპტორთა და არქიტექტორთა ასოციაცია“. მათი ხელშეწყობით და ხელმძღვანელობითვე გაიმართა ხელოვანთა შორის ინტელექტუალური მსჯელობა. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ წინა კონკურსზე წარმოდგენილ ნამუშევართა ხარვეზები გამოსწორებულია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თითოეულ პროექტზე ასოციაციის მიერ გაცემული რეკომენდაციები ავტორებმა განიხილეს და მოთხოვნების გათვალისწინებით შეიტანეს შესწორებები. აქვე გავიხსენოთ, რომ საქართველოში XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული ძეგლების კონკურსების ფორმატი სწორედ რეკომენდაციაზე დაყრდნობით მხატვრული იერსახის გაუმჯობესებას გულისხმობდა, ამ შეკრებაზეც იგივე მოხდა და შეიძლება ითქვას, რომ, ამ კუთხით,  ტრადიცია აღდგა და იმედია, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას პროფესიონალთა შეფასებები იქნება გათვალისწინებული.

შეკრებილმა აუდიტორიამ (მათ შორის იყვნენ გია მადათოვი, კახა არუნაშვილი, ავთანდილ მჭედლიშვილი, ვლადიმერ იმერლიშვილი, ნოდარ მასხულია, თენგო აბრამიშვილი, ირაკლი გოჩიტაშვილი, ედიშერ მიქაბერიძე, ირაკლი წულაძე, ჯუმბერ ჯიქია. ასევე ახალგაზრდა მოქანდაკეები თუ ქანდაკებით დაინტერესებული პიროვნებებიც, რომელთა აქტიურობა და ჩართულობა მიმდინარე პროცესებში მისასალმებელია) საუბრისას შეაფასა წარმოდგენილი საკონკურსო ესკიზები, გამოთქვა საკუთარი ვარაუდი თითოეულ ძეგლთან მიმართებით, მრავალმხრივ განიხილა ისინი, და თითო წარმოდგენილი პროექტიდან 2 საუკეთესო ნამუშევარიც დაასახელეს. გამოფენასთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს ლევან სალუქვაძემ, ვლადიმერ იმერლიშვილმა, გია მადათოვმა, ბაჩუკი ცოციაშვილმა, ჯუმბერ ჯიქიამ და აღნიშნეს მომავალში გასათვალისწინებელი დეტალები, რაც კონკრეტულად გამოფენის მოწყობასთან არის დაკავშირებული, ასევე იმედი გამოთქვეს მომავალი თანამშრომლობისა. შეგახსენებთ, რომ კონკურსზე წარმოდგენილია გრიგოლ რობაქიძის, დიმიტრი ყიფიანის, ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას პორტრეტები, ზვიად გამსახურდიას ძეგლი და მონუმენტური კომპოზიცია „თბილისელი ბიჭები“, რომელთა ნახვა 14 მარტამდე იქნება შესაძლებელი.

 







ავტორი სოფიო პაპინაშვილი, საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი

#CityHall   #Tbilisisculptorsandarchitectassosiation #TASA  #GAFstream  #Georgianartfactory #Exhibition


Comments