თბილისის ძეგლების საკონკურსო გამოფენა

 


ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში გამოიფინა თბილისში დასადგმელი ძეგლების ესკიზები. გამოფენა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მიმდინარეობს და თითო თემიდან ერთ გამარჯვებულს შეარჩევს კონკურსის ჟიური.
რაც შეეხება ექსპოზიციას, უნდა ითქვას, რომ ამ დრომდე შესარჩევი საკონკურსო გამოფენები მერიის შენობის მეორე სართულზე იმართებოდა და არ პასუხობდა გამოფენისათვის საჭირო პირობებს, თუმცა, ამჯერად, ესკიზებმა საგამოფენო სივრცეში გადაინაცვლა, რომელიც იყოფა ოთხკუთხა სვეტებით. ამ უკანასკნელმა ფუნქციაც შეიძინა, რადგან მათ გარშემო არსებული სივრცე აითვისა ძეგლებმა და შექმნა კომპოზიციური მთლიანობა. ეს ყოველივე მომგებიანია ძეგლებისთვის, რადგან მათი აღქმა უკეთეს პირობებში ხდება, სადაც განათებას დიდი მნიშვნელობა აქვს. დარბაზი ნათელია, გამოფენისათვის განკუთვნილი განათება არ არის ლოკალურად ძეგლისაკენ მომართული და ცალკეულ ძეგლთა ხასიათზე გათვლილი. დიმიტრი ყიფიანის ერთ-ერთ ბიუსტთან განათება დიაგონაურად მოუყვება კედელს, მაგრამ მის თავს ზემოთ შეიკრიბა სინათლე და შესამჩნევი ინტენსივობით განათდა ბიუსტის ზედა ნაწილი.
მიუხედავად მცირე ხარვეზებისა, მისასალმებელია მზაობა მერიის მხრიდან, რომელიც ჟიურის წევრთა მოთხოვნას დათანხმდა და იზრუნა ესკიზების საგამოფენო სივრცეში გადატანაზე. მოგეხსენებათ ამავე თემაზე გამართული წინა კონკურსი[1] ჩაიშალა, მიზეზი მოთხოვნების არასწორი ინტერპრეტირება გახდა. დღეისათვის წარმოდგენილი ნამუშევრები კი, უმეტეს შემთხვევაში, პასუხობს საკონკურსო მოთხოვნებს. გამოფენაზე წარმოდგენილია გრიგოლ რობაქიძის, დიმიტრი ყიფიანის, ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტები, ასევე ზვიად გამსახურდიას ძეგლი და ამავე გამოფენაში გაერთიანდა მეორე კონკურსი გიზო ნიშნიანიძის პოემის „პაემანი ვერაზე“ მიხედვით. მონუმენტის სახელწოდებაა „თბილისელი ბიჭები“. საკონკურსო წინადადებების წარდგენა მერიაში ხდბა კონკრეტული პირების მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნული ძეგლის დადგმის იდეა მწერლის სიცოცხლეშივე წარმოიშვა, თუმცა ამ დრომდე საკითხი არ იყო ფართოდ გაჟღერებული. უნდა ითქვას, რომ ამ კონკურსის თემას ქართველმა მოქანდაკეებმა საინტერესოდ უპასუხეს, თითოეულ მათგანს თან ერთვოდა კონცეფცია. მაგალითად ერთ-ერთ მათგანს საფუძვლად დაედო გიზო ნიშნიანიძის ფრაზა: „ღობის ძირას დაგდებული აგური მარტო კაცს ჰგავს, უმეგობროსა და მარტოსულს. ხოლო როდესაც აგურს აგურზე დავადებთ, კედელი აღიმართება“... იხ. (სურ. 1, 2). მიუხედავად საინტერესო და ორიგინალური მოფიქრებისა, ადამიანისთვის წარმოდგენილი ძეგლი არ იქნება მარტივად აღსაქმელი, რადგან კონკრეტულ ფრაზაზე დაფუძნებული ამგვარი მინიმალისტური ნაწარმოები აუცილებლად საჭიროებს რაიმე მინიშნებას.

 



 „თბილისელი ბიჭების“ მეორე საკონკურსო წინადადებაც საინტერესოა, რომელიც რელიეფებით მორთული სვეტია. ასოციაციურად მას რომის სვეტებთან მივყავართ, სვეტზე დატანილი გამოსახულებები კი თბილისის არქიტექტურულ მახასიათებელს (აივნიან სახლებს) უსვამს ხაზს, ასევე მასზე დატანილია ადამიანთა სახეები, რაც თბილისის მაცხოვრებელთ განასახიერებს (სურ. 3). ამავე თემაზე შექმნილია კიდევ რამდენიმე ესკიზი, რომელთა შორის გვხვდება განზოგადებული ობიექტები (იხ. სურ.  4, 5, 6).






გრიგოლ რობაქიძის 9 საკონკურსო წინადადებაა წარმოდგენილი, რომლებიც მისივე სახელობის მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებულ სკვერებში თუ გამწვანებულ სივრცეებში დაიდგმება. აღსანიშნავია, რომ წინა კონკურსისგან განსხვავებით ზვიად გამსახურდიას მონუმენტები შეცვლილია. მისასალმებელია ქართველი მოქანდაკეების მზაობა კონკურსებში მონაწილეობისათვის, რადგან ინტერესის ზრდა იწვევს მიგნებათა მრავალფეროვნებას, რაც დარგის განვითარებასთან არის დაკავშირებული.

ქანდაკება და გარემო ყველაზე პრობლემატური სკითხია საქართველოში. ამ ძეგლებისთვის შერჩეული ადგილები ვერ პასუხობს ხასიათს, განწყობას. დიმიტრი ყიფიანის ბიუსტი საკრებულოს შენობაში უნდა დაიდგას და ეს არ ქმნის კამათის საფუძველს, მაგრამ ორი ბიუსტი ერთად (ჟიული შარტავა და გურამ გაბესკირია) ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ასასვლელ კიბეებთან, შეუთავსებადია. ასევე სრულიად ამოვარდნილია კონტექსტიდან „თბილისელი ბიჭების“ მემორიალის რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე, პირდაპირ საფეხმავლო ბილიკებთან განთავსება. ეს არ არის ახალი თემა და ის წარმატებით არის განხორციელებული ამერიკის თუ ევროპის ქალქების ქუჩებში (მაგალითად ზენოს ფრუდაკისის ცნობილი ობიექტი „თავისუფლება“, ნიკი დე სენ ფალის მოცულობითი ფიგურები და სხვა). საჯარო ხელოვნების მიზანი საზოგადოებასთან უშუალო ურთიერთობის დამყარებაა, გაადამიანურება, საზოგადოების ნაწილად ქცევის სურვილია. საქართველოში ეს თემა ახალია და, ჯერჯერობით, აუთვისებელი. ქანდაკების თუ ობიექტის არსი პირდპირ დაკავშირებული უნდა იყოს საჯარო ხელოვნებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკლექტიზმი გაჩნდება, რომელიც გააცალკევებს ქანდაკებას და გარემოს ერთმანეთისგან.

მიუხედავად ჩამოთვლილი ნაკლოვანებებისა ვფიქრობ, რომ „თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის“ ჩართულობის შედეგად, აქ წარმოდგენილ ნაწარმოებთა ხარისხი გაუმჯობესებულია, წინა წლებთან შედარებით უფრო მეტი მოქანდაკცე ჩაერთო კონკურსში. მათი მხრიდან ყურადღება გამახვილდა თემების საინტერესო გადაწყვეტაზე, სიახლის შემოტანაზე. თბილისის მერია ყოველწლიური კონკურსების გამოცხადებით ხელს უწყობს ქართველი მოქანდაკეების დასაქმებას, ეს კი იმედს გვალევს, რომ ქართული ქანდაკების მომავალი პროგრესისაკენ იქნება მიმართული და ამ სფეროში ახალგაზრდა თაობაც შენარჩუნდება.































ავტორი: სოფიო პაპინაშვილი, საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი


        #TbilisiCityhall  #Competition  #Georgiansculptors 

 


 

 



Comments